აშშ-ში ვიზიტი გრძელდება
პარასკევი, 15 მარტი 2013 10:40

გრძელდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის და საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში.
დავით უსუფაშვილმა საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან, თედო ჯაფარიძესთან და ირაკლი ჩიქოვანთან ერთად კაპიტოლიუმში მორიგი შეხვედრები გამართეს. ქართველი პარლამენტარები კონგრესმენებს: ჯონ გარამენდის, სანდერ ლევინს, დევიდ პრაისს, ტედ დოიჩს და სენატორ კარლ ლევინს შეხვდნენ.

თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გარდა შეხვედრების ერთ-ერთი ძირითადი თემა იყო სავაჭრო ურთიერთობების გარღმავება და ამერიკული ინვესტიციების საქართველოში მოზიდვა.

,,ამ საკითხებით საკმაოდ დიდი დაინტერესებაა კონგრესმენთა მხრიდან. რამდენიმე მათგანმა ძალიან კონკრეტული მიმართულებები გამოკვეთა სოფლის მეურნეობის სფეროში. მათ მზადყოფნა გამოთქვეს, რომ კიდევ უფრო დაინტერესდნენ იმით, რომ აქაურმა ბიზნესმენებმა საქართველოში საკუთარი ბიზნესი წამოიწყონ და განვითარდნენ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
დღის ბოლოს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და საპარლამენტი დელგაციის წევრები მიწვეული იყვნენ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით გამართულ საქმიან სადილზე. სადილზე ასევე იმყოფებოდა აშშ-ის ყოფილი ოთხი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მათ შორის ჯონ ბასი, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტში ამჟამად საპასუხისმგენლო თანამდებება უკავია.

შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე ისაუბრეს.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის შეფასებით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ხელმძღვანელობით აშშ-ში ვიზიტის დროს ძალიან მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია - ამერიკელ პარტნიორებს მიაწოდა მეტი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და უკეთ აჩვენა საქართველოს როლი რეგიონში.

,,რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი აშშ-ში, ვაშინგტონში ძალიან მნიშვნელოვანია. ვიზიტი მაღალ დონეზე ჩატარდა. შეხვედრების დროს ჩვენმა დელეგაციამ, პირადად პარლამენტის თავმჯდომარემ შესძლო ამერიკელ პოლიტიკოსებს უფრო კარგად გაეგოთ რა მოხდა საქართველოში. რაც მთავარია, ჩვენ შევძელით დაგვენახებინა ამერიკელი პარტნიორებისთვის საქართველოს პერსპექტივა, როგორც პარტნიორის იმ მეტად რთულ რეგიონში, რომელსაც სამხრეთ კავკასია ჰქვია. ამ ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება არა მარტო იმ კუთხით, თუ როგორ უყურებენ ამერიკელები დღეს საქართველოში მიმდინარე პროცესებს, არამედ თუ რამდენად ჩაჯდება საქართველო აშშ-ის უკვე ახალი ადმინისტრაციის - პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის სტრატეგიულ გეგმებში“, - განაცხადა თედო ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ბოლოს განახლდა შაბათი, 16 მარტი 2013 12:16
 
modules