| სხდომის ოქმი #12 |
|
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 7 თებერვლის სხდომის ოქმი №12
სხდომას ესწრებოდნენ: ირაკლი სესიაშვილი, ალესქსანდრე თამაზაშვილი, გიორგი გოზალიშვილი, გიგლა აგულაშვილი, თენგიზ ხუბულური, ირაკლი ჩიქოვანი, დავით დარჩიაშვილი, ვაჟა ჩიტაშვილი, კახა ბუცხრიკიძე, ტარიელ ლონდარიძის ნაცვლად, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-რეგიონები“-ს თავჯდომარემ წარმოადგინა ზურაბ ჩილინგარაშვილი. დღის წესრიგით გათვალისწინებული პირველი და მეორე საკითხი განიხილებოდა საგარეობათა ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებთან ერთად. ქვორუმის დადასტურების შემდეგ, კომიტეტის თავჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა კომიტეტის წევრებს გააცნო კომიტეტის სხდომის დღის წესრიგი. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა პირველ საკითხად განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივი დაცვის შესახებ“ შეთანხმება. წარმოდგენილი შეთანხმება აწესრიგებს მხარეებს შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებულ ისეთ საკითხებს, როგორიც არის საიდუმლო ინფორმაციის გაცნობა, უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა, საიდუმლო ინფორმაციის დაცვა, გადაცემა, გამრავლება, თარგმნა და განადგურება, საიდუმლო კონტრაქტები, უსაფრთხოების დარღვევასთან დაკავშირებული ვალდებულებები. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მეორე საკითხად განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ“ . წარმოდგენილი ხელშეკრულებით განისაზღვრება საიდუმლო ინფორმაციის დაცვასთან, დაშვებასთან, მიწოდებასთან, მართვასა და კონტროლთან, საიდუმლოების გრიფის მინიჭებასთან, თარგმნასთან, რეპროდუცირებასთან, ინფორმაციის განადგურებასთან და დაბრუნებასთან, ინფორმაციის დაკარგვასთან და გამჟღავნებასთან, საიდუმლო კონტრაქტებთან დაკავშირებული საკითხები. კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივი დაცვის შესახებ“ და წარმოდგენილი ხელშეკრულების საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირება. და ბოლოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა სხდომაზე განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. წარმოდგენილი კანონპროექტით მოცემულია სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა კომპენსაციის გაანგარიშების ახალი წესი. კონკრეტულად კომპენსაციის 65 წელს ზემოთ დანიშვნის შემთხვევაში, პენსიის ოდენობას დამატებული უმცროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის შესაბამის ორგანოებში მუშაობის სტაჟის ნამრავლი 2-ზე, საშუალო სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის -5-ზე, უფროსი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის -10-ზე, ხოლო უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირებისათვის-15-ზე. კომპენსაციის 65 წლამდე დანიშვნის შემთხვევაში კი კომპენსაციის ოდენობა შეადგენს ზემოაღნიშნული წესით გაანგარიშებული კომპენსაციის 80%-ს. სახელმწიფო კომპენსაციის ახალი პრინციპით გაანგარიშება ხელს შეუწყობს იმ უთანაბრობის აღმოფხვრას რაც წარმოიშვა ერთი და იგივე წოდების პირთა კომპენსაციების ოდენობებს შორის. სახელმწიფო კომპენსაციის გადაანგარიშება ამავე პრინციპით განხორციელდება სამოქალაქო ავიაციის მოსამსახურეთათვის. კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯი შეადგენს 19 მილიონ ლარს, რომელიც გათვალისწინებულია 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში. ბოლო საკითხთან დაკავშირებით გაიმართა კენჭისყრა, რის დასრულების შემდეგ გადაწყვიტეს: კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია წარმოდგენილი პროექტების პარლამენტის სხდომაზე განხილვა.
სხდომის თავჯდომარე ირაკლი სესიაშვილი
|






