| სხდომის ოქმი #13 |
|
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის 19 თებერვლის სხდომის ოქმი №13
სხდომას ესწრებოდნენ: ირაკლი სესიაშვილი, გიორგი გოზალიშვილი, გიგლა აგულაშვილი, თენგიზ ხუბულური, დავით დარჩიაშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, ვაჟა ჩიტაშვილი, კახა ბუცხრიკიძე. ალექსანდრე თამაზაშვილის ნაცვლად ფრაქციის თავჯდომარემ ზაქარია ქუცნაშვილმა წარმოადგინა ოთარ ჩრდილელი. ქვორუმის დადასტურების შემდეგ, კომიტეტის თავჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა კომიტეტის წევრებს გააცნო კომიტეტის სხდომის დღის წესრიგი. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა განიხილა საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი შეთანხმება ‘საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შესახებ“ და „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური დახმარების შესახებ“ განსახორციელებელი ოქმი. წარმოდგენილი შეთანხმების შესაბამისად თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში გამოყოფს 900.000 ლირის ექვივალენტის აშშ დოლარში ფინანსურ რესურსებს. აქედან 680. 000 თურქული ლირის ექვივალენტი აშშ დოლარით განხორციელდება თურქეთში მოქმედი ადგილობრივი კომპანიებისაგან, პირველ რიგში თავდაცვის სამრეწველო კომპანიებისაგან სამხედრო მიზნებისათვის საქონლისა და მომსახურების შესყიდვა, 170 000 თურქული ლირის ექვივალენტი აშშ დოლარში გამოიყენება მარნეულის აეროპორტის პროექტის მოდერნიზაციისთვის. დარჩენილი 50 000 თურქული ლირის ექვივალენტი აშშ დოლარში „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური დახმარების შესახებ“ განსახორციელებელი ოქმის თანახმად გამოყენებული იქნება შემდეგი მიზნებისათვის: 1. 30 000 თურქული ლირის ექვივალენტი აშშ დოლარში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პერსონალისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მეთაურობის ხარჯები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ პარტნიორობა მშვიდობისათვის და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კურსებში. 2. 10 000 თურქული ლირის ექვივალენტი აშშ დოლარში დაფარავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პერსონალისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მეთაურობის თურქეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ხარჯებს. 3. 10 000 თურქული ლირის ექვივალენტით აშშ დოლარში გათვალისწინებულია იმ ხარჯებისთვის, რომელიც შეიძლება წარმოიშვას. კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია ‘საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შესახებ“ და „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური დახმარების შესახებ“ განსახორციელებელი ოქმის პარლამენტის მიერ რატიფიცირება. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული მეორე საკითხი საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით იზრდება სახელმწიფო კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე. შესაბამისად, იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილიც, რომელიც არ არის გათვალისწინებული „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში. საქართველოს კონსტიტუციის 93-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 147-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად კანონპროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, პარლამენტმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ მთავრობის თანხმობის შემდეგ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით საქართველოს მთავრობა არ ეთანხმება წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებას. კომიტეტმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტების „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პარლამენტის სხდომაზე განხილვა. სხდომის თავჯდომარე ირაკლი სესიაშვილი |






