საქართველოს პარლამენტისათვის წარმოდგენილ საჯარო ინფორმაციის გაცემისა და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საჯარო დაწესებულებების ანგარიშთა ანალიზი

საქართველოს პარლამენტისათვის წარმოდგენილ საჯარო ინფორმაციის გაცემისა და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს საჯარო დაწესებულებების ანგარიშთა ანალიზი

      

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49- მუხლის შესაბამისად, 2012 წელს საქართველოს პარლამენტს საჯარო ინფორმაციის გაცემისა და საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების ანგარიშები წარმოუდგინა 1822 საჯარო დაწესებულებამ. წარმოდგენილი ანალიზი ეფუძნება ამ საჯარო დაწესებულებების ანგარიშებს (იხ. დანართი 1). ეს საჯარო დაწესებულებებია: საქართველოს პარლამენტი, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოები, საერთო სასამართლოები, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია, საქართველოს კონტროლის პალატა, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა, . თბილისის მერია, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო, საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები საგანმანათლებლო რესურსცენტრები და საჯარო სამართლის იურიდიული პირები საჯარო სკოლები და სხვა დაწესებულებები.

საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით საჯარო დაწესებულებებში შეტანილ იქნა 161491 განცხადება, ხოლო საჯარო ინფორმაციაში შესწორებების შეტანის მოთხოვნით 31 განცხადება. შესაბამისმა საჯარო დაწესებულებებმა საჯარო ინფორმაციის გაცემასა და საჯარო ინფორმაციაში შესწორებების შეტანაზე უარი უთხრეს 42612 განმცხადებელს, ხოლო ნაწილობრივ დააკმაყოფილეს 37 მოთხოვნა. საჯარო და პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის მოთხოვნით საჯარო დაწესებულებებში შეტანილ იქნა 15492 განცხადება. 2012 წლის განმავლობაში დაფიქსირდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევისა და პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დადების 39 შემთხვევა; სასამართლოში გასაჩივრდა 85 გადაწყვეტილება საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. აქედან სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა 6 სარჩელი.  

საანგარიშო პერიოდში საქართველოს პარლამენტში ანგარიშები წარმოადგინა 1537 საჯარო სკოლამ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით საქართველოში 2197 საჯარო სკოლაა (იხ. დანართი 2) აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული ანგარიში წარმოადგინა ამბროლაურის, ონის, აბაშის ლანჩხუთის, სიღნაღის და ყვარლის  რაიონების ყველა საჯარო სკოლამ. ანგარიშები არ წარმოუდგენია ასპინძის, ახალქალაქის,  მესტიის,  ყაზბეგის და ცაგერის რაიონების არც ერთ საჯარო სკოლას. გარდა ამისა, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშები ზოგიერთი რაიონებიდან წარმოადგინეს  მხოლოდ ერთეულმა სკოლებმა, კერძოდ, ქობულეთის – 1 საჯარო სკოლამ, ადიგენის 7 საჯარო სკოლამ, ახალციხის  – 6 საჯარო სკოლამ, გარდაბნის  – 7 საჯარო სკოლამ. რაც შეეხება დანარჩენი რაიონებისა და ქალაქების (როგორებიცაა, მაგალითად, ბოლნისის, გორის, მცხეთის, ხარაგაულის, ჭიათურის, წყალტუბოს, ახმეტის რაიონი, დუშეთის რაიონი, ზუგდიდის რაიონი, ქალაქი რუსთავი, ქალაქი ქუთაისი, ქალაქი თბილისი) საჯარო სკოლებს, ამ სკოლების დიდმა ნაწილმა წარმოადგინა შესაბამისი ანგარიშები

დასასრულ, საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ანგარიში არ აკმაყოფილებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49- მუხლის მოთხოვნებს. ზოგიერთმა დაწესებულებამ დაარღვია ანგარიშის წარდგენისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადები, ხოლო ზოგიერთ ანგარიშში მითითებული არ არის განცხადებების კონკრეტული რაოდენობა, არის მხოლოდ ჩანაწერი – “გარკვეული რაოდენობის განცხადება, რაც ართულებს დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემისა და მის გაცემაზე უარის თქმის შესახებ წარმოდგენილი ანგარიშების ნამდვილი რაოდენობის განსაზღვრას. აღნიშნულიდან გამომდინარე, ამ ანალიზში მოყვანილი ციფრები არ არის ზუსტი და ვერ ასახავს რეალურ ვითარებას.