|
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა |
|
ორშაბათი, 18 მარტი 2013 18:48 |
|

კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომელიც კონსტიტუციაში ხელისუფლების განშტოებათა ურთიერთკონტროლსა და გაწონასწორების პრინციპს ეხება.
კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის დასკვნის და კანონპროექტის ძირითადი პრინციპების თაობაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ ისაუბრა. პარლამენტის 78 წევრის საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ის, რომ მოაწესრიგოს დადგენილი ნორმები, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტს შესაძლებლობას აძლევს პარლამენტთან შეუთანხმებლად შექმნას მთავრობა. ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, მთავრობა არც ერთ შემთხევაში არ იქნება პრეზიდენტის მიერ ერთპიროვნულად დანიშნული, თუ ამაზე არ იქნა პარლამენტის თანხმობა. მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატორებმა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კონსტიტუციონალისტების რამდენიმე შენიშვნაც გაითვალისწინეს. სხდომაზე დამსწრე კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას საყოველთაო-სახალხო განხილვებზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით. „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისი თანმდევი კანონპროექტები წარმოადგინა პირველი მოსმენით განსახილველად საკანონმდებლო ინიციატივის ავტორმა ირინე იმერლიშვილმა. ამ ცვლილების მიხედვით, საქართველოს დაზვერვის სამსახური გამოდის პრეზიდენტის დაქვემდებარებიდან და მის საქმიანობაზე სამთავრობო კონტროლი წესდება. ირინე იმერლიშვილის განცხადებით, ამ ცვლილებებმა ქვეყანაში ერთიანი უსაფრთხოების სისტემის შენარჩუნებას უნდა შეუწყოს ხელი. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ კომიტეტის წევრებს განსახილველად რამდენიმე კანონპროექტი წარუდგინა. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ მუხლობრივად, მეორე მოსმენით განიხილეს და მხარიც დაუჭირეს. შალვა თადუმაძემ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილების ახალი კანონპროექტიც წარმოადგინა, რომელიც პირველ მოსმენაზე გამოიტანა. ცვლილება ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე საქმის განხილვას ეხება და მთავრობა ამ კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს. კომიტეტის წევრთა მოსაზრებები ამ საკითხზე გაიყო და საბოლოოდ უმრავლესობამ წარმოდგენილ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა. ამის მიუხედავად, კანონპროექტის ავტორს უფლება აქვს კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომას წარუდგინოს. კომიტეტმა იმსჯელა ასევე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც რეკლამის შესახებ კანონში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს და გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას მხარი დაუჭირა. კანონპროექტის მიღების მიზანს სახელმწიფო ენის დაცვა წარმოადგენს. იგი ფიზიკური ან იურიდიული პირის ობიექტზე გამოკრული წარწერის სახელმწიფო ენაზე შესრულების ვალდებულებას ითვალისწინებს. კომიტეტის წევრებმა მოიწონეს კანონპროექტის არსი, თუმცა აღნიშნეს, რომ მისი დახვეწა აუცილებელია. |
|
ბოლოს განახლდა ორშაბათი, 18 მარტი 2013 20:28 |