საპარლამენტო უმცირესობის შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან
Monday, 18 March 2013 20:20

განვლილი ოთხი თვის განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული მუშაობა შეაჯამა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს საპარლამენტო უმცირესობასთან გამართულ შეხვედრაზე.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით აქამდე არასოდეს ყოფილა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში მისულიყო უმცირესობის კითხვებზე პასუხის გასაცემად. „მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს პატივისცემას პარლამენტისადმი. ჩემი აქ მოსვლა არის ამის კიდევ ერთი დადასტურება. მივესალმები ამ ფორმას და იმედია ამით საფუძველი ჩაეყრება პარლამენტისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის ტრადიციას“, განაცხადა მინისტრმა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა საპარლამენტო უმცირესობის წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებს. თუმცა გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით კამათმა პოლიტიკური ხასიათი მიიღო. დეპუტატების მიერ დასმული კითხვები შეეხებოდა პოლიტპატიმრებისა და ამნისტიის თემას, ასევე პოლიციის აკადემიის პრორექტორის თანამდებობაზე ლუკა კურტანიძის დანიშვნის საკითხს, უმცირესობის დეპუტატების შეფასებით, კურტანიძე პოლიციის აკადემიის პრორექტორის თანამდებობაზე არ უნდა მუშაობდეს.
„მე არ ვიზიარებ მის შეხედულებას და მიმაჩნია, რომ მისი მხრიდან გაკეთდა ძალიან მძიმე განცხადება. მაგრამ კურტანიძე სპორტს კურირებს, იგი პოლიციელი არ არის და მას არავითარი შეხება არ აქვს პოლიციასთან", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მას საჯარო სამსახურში თავისი ნათესავების დანიშვნის თაობაზეც დაუსვეს კითხვები, რაზეც მინისტრმა განაცხადა, რომ ეს საკითხი მას არანაირ დისკომფორტს არ უქმნის, რადგან ამ შემთხვევაში მან პროფესიონალიზმის ნიშნით იხელმძღვანელა.
თავის მხრივ მინისტრიც დაინტერესდა, რატომ არ მიდიან ოპოზიციის წევრები საგამოძიებო ორგანოებში, როდესაც მათ მიმართ კითხვები არსებობს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.
ნარკოტიკული საშუალებების დეკრიმინალიზაციის შესახებ დასმულ კითხვაზე მინისტრმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ამ ინიციატივას არ ეთანხმება და ამ მიმართულებით ყველაფერი უნდა დარჩეს ისე, როგორც მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა მინისტრს არაერთხელ მოუხდა დეპუტატებისთვის კორექტულობისკენ მოეწოდებინა, მათ შორის საპარლამენტო ოპოზიციის წევრს, მარიამ საჯაიას პოლიციისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდა, რადგან მან კითხვის დასმისას გამოიყენა ტერმინი „ჯიბის პოლიცია“, რაც მინისტრის განცხადებით, თითოეულ პოლიციელისა და პირადად მისთვისაც შეურაცხმყოფელია.
საპარლამენტო უმცირესობისა და მინისტრის შეხვედრა დაახლოებით ორ საათს გრძელდებოდა.

Last Updated on Monday, 18 March 2013 20:22
 
modules