დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა
სამშაბათი, 19 მარტი 2013 13:40

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ვაკანტურ ადგილზე დღეს კომიტეტმა პარლამენტის წევრი თემურ მაისურაძე აირჩია. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „რეკლამის შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს, რომ აბრებზე დატანილი ნებისმიერი წარწერა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო უცხო ენაზე დატანილი წარწერა ზომით და რაოდენობით არ უნდა აღემატებოდეს ქართულ ენაზე შესრულებულ ფორმას.

კანონპროექტიდან გამომდინარე ცვლილებები შევა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც“, რომელიც ითვალისწინებს, რომ აბრის დაკვეთისა და მისი განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა გამოიწვევს პირის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას. კომიტეტის წევრებმა კანონპროექტს პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი. კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ებრალიძემ წარმოადგინა. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ კომიტეტს მხარდასაჭერად კიდევ ერთი დოკუმენტი წარუდგინა: „საქართველოსა და ხორვატიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“, კომიტეტმა მხარი დაუჭირა შეთანხმების პლენარულ სხდომაზე სარატიფიკაციოდ გატანას. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა იმსჯელა და ერთხმად დაუჭირა მხარი წინა მოწვევის პარლამენტში განსახილველად წარდგენილ კანონპროექტთა განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეუწონლობის საკითხს.

ბოლოს განახლდა სამშაბათი, 19 მარტი 2013 13:49
 
modules