|

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა 2013 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედდა და მასში მონაწილეობას მიიღებს ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ინფორმაცია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის შესახებ, დღეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კმიტეტის სხდომაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სამინისტროში მიმდინარე რეფორმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ საუბრისას გააცნო დეპუტატებს.
მისი თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოიცავს გეგმიურ ამბულატორიულ, გადაუდებელ ამბულატორიულ და გადაუდებელ სტაციონარულ მკურნალობას. განსაზღვრულია 450-ზე მეტი მდგომარეობა, რომელთა შემთხვევაშიც პროგრამა ითვალისწინებს გადაუდებელი ქირურგიული და თერაპიული დახმარების გაწევას. პროგრამა ასევე მოიცავს ინტენსიურ თერაპიასა და კრიტიკული მდგომარეობების მართვას. მინისტრის განმარტებით, პროგრამა ფინანსდება სრულად და არ ითვალისწინებს თანაგადახდას პაციენტის მხრიდან. მისივე თქმით, გაგრძელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, როგორიცაა: დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგი, იმუნიზაცია, ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურება, ფსიქიკური ჯანმრთელობა, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა, დიაბეტის მართვა, ინფექციური დაავადებების მართვა, ტუბერკულოზის მართვა, აივ-ინფექცია, ნარკომანია, დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია, სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება. მშობიარობის ხარჯები საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში 2013 წლის 1 ივლისიდან დაფინანსდება.
დღესვე კომიტეტის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი 2013 წლის 18 იანვარს ხელმოწერილი „საქართველოსა და ხორვატიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმება განიხილეს. |