საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა
Tuesday, 19 March 2013 19:26

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები, რომელიც რეგლამენტის მუხლებში არსებული წინააღმდეგობის აღმოფხვრას ითვალისწინებს. პროექტის თანახმად, მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს დებულებას პარლამენტის თავმჯდომარის ნაცვლად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წარდგინებით პარლამენტის ბიურო დაამტკიცებს.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის წევრის, დავით ონოფრიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. პროექტის თანახმად, საჯარო სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი უქმდება.
კომიტეტის წევრებმა მეორე მოსმენისთვის განიხილეს საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ ტყემალაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ. პროექტის თანახმად, საჯარო სამსახურში მიღებისას პირს ეძლევა საშუალება წარადგინოს სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ფორმა. კანონპროექტით იცვლება მოხელის სამსახურებრივი დაწინაურების პრინციპი. კერძოდ, უფრო მაღალ თანამდებობაზე შეიძლება წამოყენებული იყოს ის მოხელე, რომელიც საჯარო სამსახურში მიღებულია კონკურსის წესით და დაკავებულ თანამდებობაზე მსახურობს 1 წელი მაინც. მოხელის უფრო მაღალ თანამდებობაზე წამოყენება შეეძლება მოხელის უშუალო ხელმძღვანელ თანამდებობის პირს ან დაწესებულებას.
კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენისთვის იქნა განხილული „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები და მისი თანმდევი კანონპროექტები. კანონპროექტის ,,საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ თანახმად, სახელმწიფო დაზვერვის სამსახური საქართველოს პრეზიდენტის ნაცვლად საქართველოს მთვრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება ხდება.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პარლამენტის კომიტეტებსა და დროებით კომისიებში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის ახალი კვოტები განსაზღვრა. თითო-თითო წევრი ყველა კომიტეტში მოაკლდა ორ დიდ ფრაქციას: ,,ქართულ ოცნებას“ და ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. თითო წევრი ყველა კომიტეტში მიეცა ახლადშექმნილ ფრაქციას ,,ქართული ოცნება-ეროვნულ ფორუმს“ და თითო წევრი იმ ხუთ დეპუტატს, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არც ერთ ფრაქციაში.

 
Last Updated on Tuesday, 19 March 2013 19:32
 
modules