|

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებმა პირველი მოსმენისთვის განიხილეს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისი თანმდევი პროექტები. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, იცვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ფორმირების წესი.
კერძოდ, სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა მცირდება 9-მდე. პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატებს პრეზიდენტის ნაცვლად შეარჩევს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ყოველი კონკურსისათვის საგანგებოდ შექმნილი კომისია, რომელშიც შევლენ დარგის სპეციალისტები. კომისიის მიერ პარლამენტს ერთ ვაკანტურ ადგილზე წარედგინება არანაკლებ სამი კანდიდატი. წარდგენილ კანდიდატთაგან სამეურვეო საბჭოს 3 წევრს აირჩევს საპარლამენტო უმრავლესობა, მეორე სამ წევრს - პარლამენტის დანარჩენი წევრები. სამეურვეო საბჭოში ერთი წევრი იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადობრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე. დარჩენილ 2 კანდიდატს ირჩევს სახალხო დამცველი და ამ კანდიდატს არ ამტკიცებს პარლამენტი. ცვლილებების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,15%-ით. პროექტი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მთლიანი ბიუჯეტის არანაკლებ 15%-ის გამოყოფას ითვალისწინებს.
კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. პროექტის თანახმად, გამარტივებული შესყიდვის მეშვეობით შესყიდვის განხორციელების დადგენის უფლებამოსილება გარდა საქართლოს პრეზიდენტისა და საქართველოს მთავრობისა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთვარობას ენიჭება. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. პროექტის თანახმად, ვადიანი სამხედრო სამსახურის ვადა 15 თვის ნაცვლად, 12 თვით ისაზღვრება. აღნიშნული ცვლილება გავრცელდება ასევე იმ პირებზე, რომლებიც სამხედრო სავალდებულო სამსახურში 15 თვის ვადით გაწვეული იქნენ ამ კანონის ამოქმედებამდე. კანონპროექტი ახლებურად არეგულირებს იმ წვევემდელთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომლებიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების წელს ეროვნულ გამოცდებს გაივლიან. ცვლილებები შედის „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“. კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი შესაბამისი კანონპროექტი, რომელიც აზუსტებს და სრულყოფს ისეთ ტერმინებს, როგორიცაა: ალბათობის მაღალი ხარისხი, განმეორებით ბრალის წარდგენის აკრძალვა ერთი და იმავე ქმედებისათვის, შეჯიბრობითობის პრინციპი, ადვოკატის უფლებები, მტკიცებულების დაუშვებლად ცნობა და სხვა. ცვლილებების თანახმად, სასამართლო სხდომაზე წესრიგის დარღვევისთვის, სასამართლო პროცესის მონაწილის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისათვის ჯარიმების მაქსიმალური ზღვარი 5000 ლარიდან ჩამოდის 500 ლარზე. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის ძირითად პრინციპებს, თუმცა გამოთქვეს მოსაზრება, რომ უმჯობესი იქნება ჯარიმის მაქსიმალური ზღვარის არა 500, არამედ 1000 ლარამდე ჩამოწევა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას. |