აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
სამშაბათი, 19 მარტი 2013 19:51

აგრარულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივა - „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, ამ კანონპროექტის მიღებით მნიშვნელოვნად უნდა შეიცვალოს სოფლის მომავალი და მან სტიმული უნდა მისცეს ქართული სოფლის მეურნეობის განვითარებას. 

„ევროპული კანონმდებლობის კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით, საქართველოში არსებული პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სტატუსის შემოღება მნიშვნელოვნად დაეხმარება ქართული დაწვრილმანებული სოფლის მეურნეობის გამსხვილებასა და განვითარებას“, - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა, რომელმაც შეკრებილთ დეტალურად გააცნო საკანონმდებლო ინიციატივა. ინიცირებული კანონპროექტი კოოპერატივებისათვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სტატუსის მინიჭებას და შეწყვეტას, ასევე მათი საქმიანობის გარანტიებს ითვალისწინებს. აღნიშნულ კანონპროექტთან ერთად, ავტორმა წარმოადგინა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის მიხედვით, ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, გრანტებისა და მეწარმეთა შესახებ კანონებში შედის. საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას ესწრებოდნენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის მიმართულების ხელმძღვანელი. კომიტეტის წევრებმა ახალ საკანონმდებლო ინიციატივის ინიცირებას მხარი დაუჭირეს და იგი პარლამენტის ბიუროს წარედგინება. 

ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 20 მარტი 2013 13:59
 
modules