სხდომის ოქმი #22

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის

სხდომის ოქმი

N22

7 მარტი 2013  წელი

12. საათი

(დარბაზი N4 )

 

კომიტეტის სხდომას უძღვებოდა - კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი

სხდომას ესწრებოდნენ:

კომიტეტის წევრები: ფრიდონ საყვარელიძე, კარლო კოპალიანი, ხათუნა გოგორიშვილი, ნინო გოგუაძე, ბიძინა გუჯაბიძე, მალხაზ ვახტანგიშვილი, შოთა მალაშხია, გურამ მისაბიშვილი, აკაკი ბობოხიძის ადგილმონაცვლე დავით ჭავჭანიძე და გოგი ლიპარტელიანის ადგილმონაცვლე ენზელ მკოიანი.

სხდომაზე მოწვეულები: ლერი ხაბელოვი - საქართველოს პარლამენტის წევრი

სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე:  საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის  აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები.

ერთობლივი სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 13 წევრის  დასწრებით.

 

სხდომის დღის წესრიგი(პროექტი):

 1.  საქართველოს პარლამენტის წევრის ბიძინა გუჯაბიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტიII მოსმენით განხილვა;

                                                                                            / მომხსენებელი: ბიძინა გუჯაბიძე/

 2.  საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ონოფრიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის   IIგანხილვა;

                                                                    / მომხსენებელი: დავით ონოფრიშვილი/

 3.   საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ ტყემალაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტიI მოსმენით განხილვა.

     

                                                                      / მომხსენებელი: ზურაბ ტყემალაძე/

 4.   საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ ტყემალაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტის  II

     / მომხსენებელი: ზურაბ ტყემალაძე/

 

სხდომის თავმჯდომარემ კომიტეტის წევრებს მიმართა თხოვნით სხდომის დღის წესრიგის პროექტით გათვალისწინებული საკითხების განხილვის რიგითობის შეცვლასთან დაკავშირებით, რაზედაც კომიტეტის წევრები დაეთანხმნენ და ერთხმად  დაამტკიცეს დღის წესრიგი

დღის წესრიგი:

                               1.  საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ ტყემალაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტის  II

/ მომხსენებელი: ზურაბ ტყემალაძე/

 2.  საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ ტყემალაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტიI მოსმენით განხილვა.

                                                                           / მომხსენებელი: ზურაბ ტყემალაძე/


            3.   საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ონოფრიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის   IIგანხილვა;

                                                                    / მომხსენებელი: დავით ონოფრიშვილი/

                        4.  საქართველოს პარლამენტის წევრის ბიძინა გუჯაბიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტიII მოსმენით განხილვა;

                                                                                            / მომხსენებელი: ბიძინა გუჯაბიძე/

 

კომიტეტის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე

კომიტეტის წევრმა - ხათუნა გოგორიშვილმა საპროცედურო საკითხთა და წესების უფლებამოსილებისა და კომპეტენციის სფეროს გათვალისწინებით კომიტეტის წევრებს გააცნო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სხვადასხვა დროს სხვადასხვა საკითხებზე სადეპუტატო შეკითხვით მიმართეს მთავრობის წევრ-მინისტრებს. ყველა შემთხვევაში დარღვეული იქნა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 311-ე მუხლის მოთხოვნები. ფრაქციამ მიმდინარე წლის 19 თებერვალს წერილით მომართა საპრიცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რადგან  ამავე რეგლამენტის 290-ე მუხლის შესაბამისად რეგლამენტის დარღვევის ყველა ფაქტს განიხილავს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და საკითხს სათანადო რეაგირებისათვის გადასცემს პარლამენტის ბიუროს.

კომიტეტის თავმჯდომარემ ხათუნა გოგორიშვილის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ კომიტეტი რეგლამენტით განსაზღვრული პროცედურების შესაბამისად შეისწავლის საკითხს და რეაგირებისათვის გადასცემს პარლამენტის ბიუროს 

 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან  დაკავშირებით 

საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ ტყემალაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტის  II  მოსმენით  განხილვა;

 

მოისმინეს: ზურაბ ტყემალაძის მოხსენება. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი პროცედურის შესაბამისად, მომხსენებელმა კანონპროექტი წარმოადგინა მუხლობრივად, კერძოდ ცვლილების თანახმად საქართველოს პარლამენტის რეგლამენტს ემატება 541 მუხლი:

         „1. კომიტეტებთან შესაძლებელია შეიქმნას სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოები, რომლებიც შედგება შესაბამისი დარგის კომპეტენტური, სათანადო გამოცდილების მქონე მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტებისაგან. საბჭოს შემადგენლობას ნიშნავს კომიტეტის თავმჯდომარე

                   2. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომებს საჭიროების მიხედვით იწვევს კომიტეტი. შეიძლება ჩატარდეს კომიტეტისა და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს ერთობლივი სხდომა“

             ზურაბ ტყემალაძემ აღნიშნა, რომ პარლამენტის სხდომაზე მეორე მოსმენისათვის დარიგდება კანონპროექტის ის ვარიანტი სადაც გათვალისწინებული იქნება პირველი მოსმენით კანონპროექტის კომიტეტის სხდომაზე დავით საყვარელიძის მიერ შემოთავაზებული წინადადება სტუდენტურ საბჭოებთან დაკავშირებით

  აზრი გამოთქვეს:  

ხათუნა გოგორიშვილმა იმ მიზნით რომ შესაძლებელი ყოფილიყო წარმოდგენილი ცვლილების შესაბამისად სტუდენტთა ჩართვა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოებში, კანონპროექტის ინიციატორს შესთავაზა ემატება 541 მუხლის პირველი პუნქტის კორექტირება შემდეგი სახით: „1. კომიტეტებთან შესაძლებელია შეიქმნას სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოები, რომლებიც შედგება შესაბამისი დარგის კომპეტენტური მოწვეული კონსულტანტებისაგან. საბჭოს შემადგენლობას ნიშნავს კომიტეტის თავმჯდომარე“.

კომიტეტის წევრები და საკითხის ინიციატორი დაეთანხმნენ ხათუნა გოგორიშვილის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას.

კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს გადაწყვეტილების პროექტს

გადაწყვიტეს (ერთხმად):

1.   კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული წინადადების გათვალისწინებითა და შესაბამისად მისი ასახვით წარმოდგენილ რეგლამენტის პროექტში, საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ ტყემალაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტი მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  II  მოსმენით  განხილვისათვის;

2.    პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საპროცედურო         საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი;

3.    კომიტეტის დასკვნა და შესწორებული კანონპროექტი გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს ბიუროსათვის წარსადგენად. 

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეორე საკითხთან  დაკავშირებით 

საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ ტყემალაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტიI მოსმენით განხილვა.

მოისმინეს: ზურაბ ტყემალაძის მოხსენება, რომლის თანახმადაც  კანონპროექტის მიღების მიზეზია 2012 წლის 22 მაისს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონსი განხორციელებული ცვლილებები, რომელთა ნაწილი ამოქმედდა 2013 წლის იანვრიდან და მნიშვნელოვანწილად გაართულა საჯარო სამსახურში მუშაკთა მიღების პროცესი, კონკრეტულად - ამ ცვლილებების თანახმად საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყებისათვის საჭირო გახდა საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა  I  და  II  სიაში შეტანილი ნივთიერებების მიმართ  დამოკიდებულების ნიშნებისა და ამ ნივთიერებათა ექიმის დანისნულების გარეშე მოხმარების ფაქტის არარსებობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობის წარდგენის აუცილებლობა. ამ ცნობის ღირებულება - საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 მაისის N171-ე დადგენილების შესაბამისად შეადგენს 175 ლარს(ჩვეულებრივი) და 350 ლარი დაჩქარებული, ხოლო ამ ცნობის მოპოვებისათვის დადგენილი დროის ხანგრძლივობა 30 დღეა. დღეისათვის საქართველოში არ არსებობს უფლებამოსილი დაწესებულება, გარდა სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროსი, რომელსაც შეუძლია ჩაატაროს სათანადო კლინიკური ან/და ლაბორატორიული გამოკვლევა და გასცეს შესაბამისი ცნობა. იანვრის შემდეგ დრემდე, როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, ამგვარი ცნობა არ არის გაცემული, რის გამოც პარალიზებულია ქვეყნის მასშტაბით საჯარო სექტორში მუშაკთა მიღების პროცესი. საჯარო მოხელისათვის ამგვარი გამოკვლევის ჩატარების აუცილებლობა დადგენილია აგრეთვე საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაშიც - დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო.

    როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კომიტეტმა შეკითხვით მიმართა ექსპერტიზის ბიუროს ცნობის საფასურთან დაკავშირებით  და შეეცადა გაერკვია ამ ჩამონათვალში შემავალი თითოეული ნივთიერების კვლევის საფასური, რაზედაც პასუხი არ მიუღია.

    წარმოდგენილი ცვლილებების შესაბამისად, გათვალისწინებულია აგრეთვე  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში დაწინაურების პრინციპის დაბრუნება, რომელიც ამოღებული იქნა 2012 წლის 29 ივნისს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, რითაც მომხსენებლის აზრით უხეშად დაირღვა მოხელეთა კარიერული იერარქიის დაცვით წინსვლის პრინციპი, რაც თავის მხრივ ართულებს პროფესიონალური და გამოცდილი კადრების შენარჩუნებას და კოლექტივის სტაბილურობას. ამასთანავე საჯარო მოხელეს ეკარგება სტიმული და მოტივაცია კარიერულ ზრდას მიაღწიოს ყოველდღიური საქმიანობისადმი მაღალი პასუხისმგებლობით დამოკიდებულების შედეგად. ყოველივე ამის გარეშე, მხოლოდ კონკურსისათვის მზადებით შეუძლია მიაღწიოს  კარიერულ ზრდას და დაიკავოს მაღალი თანამდებობა. ტერმინი -„სამსახურებრივი დაწინაურება“ ფიგურირებს აგრეთვე მოქმედი კანონის 82-ე და 76-ე და 77-ე მუხლებში.

აზრი გამოთქვეს:

ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ 2012 წლის მაისსა და ივნისში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ზემოაღნიშნული ცვლილებები განხორციელდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნით ქვეყანაში მიმდინარე ანტიკორუფციული ღონისზიებების ერთიან კონტექსტში. კონკრეტულად - ნარკოლოგიური ტესტი რომელიც ამ ცვლილებამდე არსებობდა იძლეოდა იმის საშუალებას, რომ თუ ნარკოტიკების მომხმარებელი ერთი კვირის განმავლობასი არ გამოიყენებდა ნარკოტიკულ ნივთიერებებს, მასინ პასუხი იქნებოდა დადებითი. ამ გარემოების გათვალისწინებით იკვეთებოდა ცვლილებების განხორციელების ორი შესაზლო ვარიანტი. პირველი - დარჩენილიყო არსებული ტესტი და შესაძლებელი ყოფილიყო დაწესებულების ხელმძღვანელს წელიწადში ერთხელ მოულოდნელად ჩაეტარებინა ნარკოლოგიური შემოწმება, რის საფასურსაც თვითონ დაწესებულება გადაიხდიდა; მეორე ვარიანტი - გაუქმებულიყო არსებული ტესტი და დაგენილიყო ნარკოლოგიური სემოწმების უფრო სრულყოფილი ფორმა, რომელიც გამორიცხავდა ნარკოტიკების მოხმარების დამალვის ფაქტს. საბოლოოდ შეთანხმება მოხდა მეორე ვარიანტზე და ტესტის სირთულის გამო გაიზარდა ნარკოლოგიური შემოწმების საფასურიც.

    ხათუნა გოგორიშვილის აზრით, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების იმ ნაწილში, რომელიც ნარკოლოგიურ შემოწმებას ეხება, მიზანშეწონილი და სასურველი იქნება რომ მოხდეს დიფერენცირება, ანუ ამჟამად არსებული შემოწმების ფორმა დარჩეს მაღალი რანგის საჯარო მოხელეებისათვის, ხოლო სხვა შემთხვევაში დაბრუნდეს მარტივი ტესტის ფორმა და დაწესებულების ხელმძღვანელს ჰქონდეს იმის უფლებამოსილება, რომ წელიწადში ერთხელ, წინასწარ თარიღის გამოცხადების გარეშე მოითხოვოს თანამშრომელთა ნარკოლოგიური შემოწმება, რომლის საფასურსაც თვითონ საჯარო დაწესებულება გადაიხდის.

     რაც შეეხება წარმოდგენილ ინიციატივის მეორე ნაწილს, კერძოდ საჯარო სამსახურში დაწინაურების პრინციპის დაბრუნებას, ხათუნა გოგორიშვილმა პირველ რიგში ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ არავითარ შემთხვევაში აღარ უნდა გადავადდეს საჯარო სამსახურში მოვალეობის შემსრულებელთა მიერ კონკურსის გავლის ვალდებულება, რომელიც უნდა ამოქმედებულიყო 2013 წლის 1 იანვრიდან. ამჯერად საჯარო სამსახურში დასაქმებულთა თითქმის 40 პროცენტი არის საჯარო სამსახურში კონკურსის გარეშე დანიშნული მოვალეობის შემსრულებელი, რაც მნიშვნელოვნად აკნინებს საჯარო სამსახურში მოხელის მიღების ძირითად წესს - კონკურსს. ამასთანავე, როგორც ხათუნა გოგორიშვილმა აღნიშნა, საჯარო სამსახურში ყველა თანამდებობას აქვს თავისი დეტალური აღწერა- თანამდებობრივი ინსტრუქცია, რაც იმას ნიშნავს რომ ადამიანი, რომელიც მოდის საჯარო სამსახურში კონკურსის წესით წინასწარ იცის რა მოეთხოვება და კონკურსის შედეგად მისი სამსახურში მიღებაც ხდება იმის მიხედვით თუ რამდენად აკმაყოფილებს კანდიდატი თანამდებობრივი ინსტრუქციით მისთვის დადგენილ მოთხოვნებს.

    ხათუნა გოგორიშვილმა, საკანონმდებლო ინიციატივით შემოთავაზებული ცვლილებების დაზუსტების მიზნით მომხსენებელს დაუსვა შემდეგი შეკითხვები:

-          ვის შეეხება დაწინაურება, კონკრეტულად მხოლოდ იმ საჯარო მოხელეს, რომელსაც ატესტაციის წარმატებით გავლის შემდეგ საატესტაციო კომისიამ ჩაუწერა დასკვნა, რომ ექვემდებარება დაწინაურებას თუ ყველას, ვისზედაც გადაწყვეტილებას სტრუქტურის ხელმძღვანელი მიიღებს?

-          დაწინაურება შეეხება თუ არა იმ მოხელეებს, რომლებიც საჯარო სამსახურში მუშაობენ მოვალეობის შემსრულებლად და არ არიან მოსული კონკურსის შედეგად?

-          სავალდებულო იქნება თუ არა დაწინაურება, ვაკანსიის გაჩენის შემთხვევაში?

ზურაბ ტყემალაძემ ხათუნა გოგორიშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა სჯარო სამსახურში ნარკოლოგიური შემოწმების დიფერენცირებას სხვადასხვა რანგის საჯარო მოხელეებისათვის, აღნიშნა, რომ მზად არის ამ წინადადების განხილვისათვის მეორე მოსმენისათვის საბოლოო ფორმულირების ჩამოყალიბების მიზნით. რაც შეეხება ხათუნა გოგორიშვილის მიერ დასმულ შეკითხვებს - განმარტა, რომ დაწინაურება შეეხება ყველას, თუ სტრუქტურის ხელმძრვანელი საჯარო მოხელის საქმიანობიდან გამომდინარე საჭიროდ მიიჩნევს. დაწინაურება არ იქნება დამოკიდებული საატესტაციო კომისიის მიერ გაკეთებულ დასკვნაზე, რომ მოხელე ექვემდებარება დაწინაურებას. დაწინაურება შეეხება აგრეთვე დროებით მოვალეობის შემსრულებელსაც თუ ის 1 წელი თავის მოვალეობას ასრულებს სათანადოდ, მიუხედავად იმისა, ეს მოხელე კონკურსით არის მოსული საჯარო სამსახურში თუ არა.

ხათუნა გოგორიშვილმა საკითხის ინიციატორის მიერ გაკეთებული განმარტებების შემდეგ დააფიქსირა თავისი მოსაზრება, რომ ამ სახით დაწინაურების დაბრუნება ნიშნავს  საჯარო სამსახურში მოხელეთა კონკურსის წესით მიღების გაუქმებას. გარდა ამ მთავარი წესის გაუქმებისა დაწინაურების ამ ფორმით დაბრუნება არათანაბარ პირობებში ჩააყენებს ამჯერად საჯარო სამსახურში დასაქმებულ მოხელეებს, რის თაობაზეც მოიყვანა კონკრეტული მაგალითები.

ირინე იმერლიშვილმა შეაჯამა სხდომაზე გამოთქმულ მოსაზრებები და აღნიშნა, რომ დაწინაურება უნდა შეეხოთ მხოლოდ საჯარო სამსახურში კონკურსით მოსულ მოხელეებს და არცერთ შემთხვევაში მოვალეობის შემსრულებლებს, რომლებიც კონკურსის გარეშე არიან საჯარო სამსახურში დანიშნული. წინააღმდეგ შემთხვევაში დაწინაურების პრინციპის დაბრუნება გააუქმებს საჯარო სამსახურსი მოხელეთა მიღების მთავარ წესს - კონკურსს. სხდომის თავმჯდომარემ საჯარო სამსახურში დაწინაურების პრინციპის დაბრუნების მიზანშეწონილობის უფრო თვალსაჩინოდ წარმოდგენისათვის მოიყვანა კონკრეტული მაგალითები საპარლამენტო საქმიანობიდან.

ზურაბ ტყემალაძემ, როგორც წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის ავტორმა გაიზიარა სხდომაზე გამოთქმულ მოსაზრება იმის თაობაზე, რომ დაწინაურების პრინციპი შეეხოთ მხოლოდ საჯარო სამსახურში კონკურსის წესით მიღებულ მოხელეებს.

ხათუნა გოგორიშვილმა საკითხის განხილვის დასრულებისას, კენჭისყრის წინ სხომის თავმჯდომარეს და საკითხის ინიციატორს მიმართა თხოვნით რომ კენჭისყრა აღნიშნულ საკითხზე გადადებულიყო კომიტეტის მომდევნო სხდომისათვის საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, აგრეთვე 9 მარტს დაგეგმილი იყო  შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან  საჯარო სამსახურთან დაკავშირებით.

სხდომის თავმჯდომარემ და საკითხის ინიციატორმა არ გაიზიარეს ხათუნა გოგორიშვილის მიერ შემოთავაზებული წინადადება კენჭისყრის გადადებასთან დაკავშირებით.  

კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს გადაწყვეტილების პროექტს

საკითხზე კენწისყრის დროს დამსწრე 8 წევრიდან

6 - მომხრე;

2 - წინააღმდეგი        

გადაწყვიტეს: 

სხდომაზე გამოთქმული გათვალისწინებით                 

1.  კომიტეტის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებითა და შესაბამისად მისი ასახვით პროექტში, საქართველოს პარლამენტის წევრის ზურაბ ტყემალაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი„საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი  მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  I მოსმენით განხილვისათვის;

2.   პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საპროცედურო         საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი;

3.   კომიტეტის დასკვნა და შესწორებული კანონპროექტი გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს ბიუროსათვის წარსადგენად.  

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მესამე საკითხთან დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ონოფრიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის   II  მოსმენით განხილვა;

მოისმინეს: დავით ონოფრიშვილის მოხსენება.  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მეორე მოსმენით განხილვისათვის დადგენილი პროცედურის შესაბამისად ინიციატორმა კანონპროექტი წარმოადგინა მუხლობრივად, კერძოდ:

1.  50-ე მუხლი ყალიბდება შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 50. მოსამსახურის საპენსიო უზრუნველყოფა

      მოსამსახურე პენსიასი გადის კანონმდებლობით დაგენილი წესით“

2.  ამოღებული იქნება 101-ე მუხლი.

მომხსენებელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ინიციატივა ხელს შეუწყობს საპენსიო ასაკში მყოფი პროფესიონალი პირების საჯარო სამსახურში მიღებას და მათი გამოცდილების გამოყენებას. კონკრეტულად,  წარმოდგენილი ცვლილების თანახმად შესაძლებელი იქნება საჯარო სამსახურში თანამშრომლის მიღება 65 წლის ასაკის ზემოთ.

აზრი გამოთქვეს:

ხათუნა გოგორიშვილმა საკითხის ინიციატორს მიმართა წინადადებით, რომ  გარდამავალ დებულებაში ჩაიწეროს ნორმა რომლის თანახმადაც, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ზემოაღნიშნული ცვლილების შემდგომ ერთი თვის განმავლობაში ყველა ქვენორმატიული აქტი  შესაბამისობასი იქნეს მოყვანილი კანონის მოთხოვნასთან.

დავით ონოფრიშვილი, როგორც საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი დაეთანხმა ხათუნა გოგორიშვილის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას.

 

გადაწყვიტეს(ერთხმად):

 

1.  სხდომაზე გამოთქმული მოსაზრების გათვალისწინებით საქართველოს პარლამენტის წევრის დავით ონოფრიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე   II  მოსმენით განხილვისათვის;

2.  პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საპროცედურო         საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი;

3.  კომიტეტის დასკვნა და შესწორებული კანონპროექტი გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს ბიუროსათვის წარსადგენად.  

სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მეოთხე საკითხთან დაკავშირებით

საქართველოს პარლამენტის წევრის ბიძინა გუჯაბიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტიII მოსმენით განხილვა;

მოისმინეს: ბიძინა გუჯაბიძის მოხსენება.   საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მეორე მოსმენით განხილვისათვის დადგენილი პროცედურის შესაბამისად ინიციატორმა კანონპროექტი წარმოადგინა მუხლობრივად, კერძოდ:

    საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-5  მუხლის მე-8 პუნქტი ყალიბდება შემდეგი რედაქციით:

    „8. სხდომათა დარბაზში მყოფი პირის ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო-საქმიანი. სხდომათა დარბაზში პირი ასევე შეიძლება იმყოფებოდეს ეროვნული სამოსით. პირის მიერ ეროვნული სამოსის არჩევა, მისი ფორმისა და სახეობის განსაზღვრა ნებაყოფლობითია.“

    მომხსენებელმა აღნიშნა, რომ პირველი მოსმენით კანონპროექტის, როგორც კომიტეტის ისე პლენარულ სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით მოხდა მუხლის სხვაგვარი რედაქციით ჩამოყალიბება და დაზუსტება.

აზრი გამოთქვეს:

დავით საყვარელიძემ  აღნიშნა, რომ წარმოდგენილი დაზუსტება „პირის მიერ ეროვნული სამოსის არჩევა, მისი ფორმისა და სახეობის განსაზღვრა ნებაყოფლობითია.“ კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის ცვლილებას - როგორ უნდა განსაზღვროს ფორმა და სახეობა პირმა? ამიტომ უმჯობესი იქნება რომ დარჩეს პირველი მოსმენისათვის წარმოდგენილი რედაქცია, დაზუსტების გარეშე -   სხდომათა დარბაზში მყოფი პირის ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო-საქმიანი ან ეროვნული“.

ხათუნა გოგორიშვილმა ასევე გამოთქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ დაზუსტებული ვარიანტითაც ვერ იხსნება ის გაურკვევლობები, რომლებიც ამ ცვლილებასტან დაკჯავსირებიტ შეიძლება გამოჩნდეს, მაგალითისათვის - ჩაითვლება თუ არა ეროვნული სამოსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქსესუარი - ხანჯალი - ცივ იარაღად?

ნინო გოგუაძე დაეთანხმა გამოთქმულ მოსაზრებას ცვლილების პირვანდელი სახით - „სხდომათა დარბაზში მყოფი პირის ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო-საქმიანი ან ეროვნული“  განხილვის მიზანშეწონილობის თაობაზე.

ირინე იმერლიშვილმა აგრეთვე გამოთქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მუხლის პირვანდელი რედაქცია უფრო მისაღებია და დაზუსტება - „პირის მიერ ეროვნული სამოსის არჩევა, მისი ფორმისა და სახეობის განსაზღვრა ნებაყოფლობითია“ მიზანსეწონილი არაა.

ბიძინა გუჯაბიძე, როგორც წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატორის ავტორი დაეტანხმა კომიტეტის სხდომაზე გამოთქმულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ცვლილების განხილვა პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენისათვის მოხდეს პირვანდელი სახით -„სხდომათა დარბაზში მყოფი პირის ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო-საქმიანი ან ეროვნული“ - დრეისათვის წარმოდგენილი დაზუსტების -„პირის მიერ ეროვნული სამოსის არჩევა, მისი ფორმისა და სახეობის განსაზღვრა ნებაყოფლობითია“ - გარეშე.  

კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს გადაწყვეტილების პროექტს

საკითხზე კენწისყრის დროს დამსწრე 8 წევრიდან

7 - მომხრე;

1 - წინააღმდეგი        

გადაწყვიტეს: 

1.  სხდომაზე გამოთქმული შენიშვნის  გათვალისწინებით საქართველოს პარლამენტის წევრის ბიძინა გუჯაბიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტის მომზადებულად ჩაითვალოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე   II  მოსმენით განხილვისათვის;

2.   პარლამენტის პლენარულ სხდომაზე თანამომხსენებლად დაინიშნოს საპროცედურო         საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირინე იმერლიშვილი;

3.   კომიტეტის დასკვნა და შესწორებული კანონპროექტი გაეგზავნოს საქართველოს პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს ბიუროსათვის წარსადგენად. 

  

 

კომიტეტის თავმჯდომარე                                           

 

 

ირინე იმერლიშვილი

 

 კომიტეტის  აპარატის                                     

      უფროსი

                                                               მდინარა დოხნაძე 

 

 

 

 

 

 

 
modules