|
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის გაერთიანებული სხდომა |
|
ოთხშაბათი, 20 მარტი 2013 15:33 |
|

სახელმწიფო მინისტრს რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილს მოუსმინეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის გაერთიანებული სხდომაზე.
სახელმწიფო მინისტრმა სხდომაზე, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აპარატის სამომავლო გეგმებზე, საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და კონფლიქტების ახლებურ ხედვაზე ისაუბრა. როგორც პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, მისთვის მისაღებია არსებული სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ და იგი ამ მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას. მისივე თქმით, მომზადებული აქვს ამ სტრატეგიის ალტერნატივაც, რომელიც მუშავდება და მისი მიღების აუცილებლობა ჯერ არ დგას. სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ შედგეს თანამშრომლობა, რათა მოიძებნოს გამოსავლები და პროცესები ჩიხში არ შევიდეს. „ჩვენი გზავნილი ასეთია - აფხაზურ და ოსურ მხარეებს პირველ რიგში უნდა მოვუსპოთ არგუმენტები საქართველოს წინააღმდეგ და შემიძლია ვთქვა, რომ პირველი შედეგები სახეზეა. მათი მხრიდან თითქმის აღარ კეთდება მწვავე განცხადებები საქართველოს ახალი ხელისუფლების მისამართით. მისი თქმით, მთავრობა მუშაობს იმაზე, რომ რუსეთს მოუსპოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების აუცილებლობის საფუძველი და პარალელურად გააძლიეროს საქართველოს მეგობარი ქვეყნების არგუმენტები მათი არაღიარების მიმართულებით. საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით კანონში შესატან ცვლილებებს, საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის ამოქმედების საკითხს, 2008 წლის აგვისტოს ომს და ა.შ. პაატა ზაქარეიშვილმა ამომწურავად უპასუხა სხდომაზე დასმულ კითხვებს და პარლამენტარებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის თაობაზე მზადყოფნა გამოთქვა. |
|
ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 20 მარტი 2013 15:36 |