იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
ოთხშაბათი, 20 მარტი 2013 15:40

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს. მომხსენებლის, იუსტიციის მინისტრის მოადილის, ალექსანდრე ბარამიძის ინფორმაციით, კოდექსის პროექტი ადვოკატთა სისხლის სამართლის კოლეგიამ ჯერ კიდევ 2 წლის წინ მოამზადა, რომელიც განსახილველად წინა მოწვევის პარლამენტს გადაეგზავნა. მისივე განცხადებით, პარლამენტმა საკითხი არც კი განიხილა, რომლის შემდეგაც კოდექსის პროექტი იუსტიციის სამინისტროში გადამუშავდა და მერვე მოწვევის პარლამენტს ახალი რედაქციით წარედგინა.
ალექსანდრე ბარამიძის განმარტებით, კოდექსის პროექტის რიგი მუხლები ძალზედ მნიშვნელოვანია და იგი პროცესის მხარეებს შორის რეალურ თანასწორობას უზრუნველყოფს. წარმოდგენილი ცვლილებებით ზუსტდება „ალბათობის მაღალი ხარისხის“ განმარტება, ერთი და იმავე ქმედებისთვის განმეორებით ბრალის წარდგენის საკითხი, შეჯიბრობითობის პრინციპი, ადვოკატის უფლებები, პრეიუდიციისა და ირიბი ჩვენების საკითხები.
კომიტეტმა I მოსმენით, პრინციპების დონეზე კანონპროექტის მიღება შესაძლებლად ცნო. კოდექსის პროექტის არსობრივი განხილვა შემდეგი მოსმენისთვის შედგება.

ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 20 მარტი 2013 20:20
 
modules