|

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა პლენარული სხდომის დასაწყისში ქვეყანაში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს ნავრუზის დღესასწაული მიულოცა. ,,ძვირფასო კოლეგებო, მინდა თქვენი სახელით მივულოცო ნავრუზის - გაზაფხულის ბუნიაობის დღესასწაული ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებს ამ დარბაზში და აზერბაიჯანულ თემს საქართველოში“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ დეპუტატებს დადგენილი წესის თანახმად, განცხადებებისთვის დრო დაეთმოთ. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს თხოვნით მიმართა, დედაქალაქის საკრებულოში შექმნილი ვითარების გაცნობის მიზნით უახლოეს დღეებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან შეხვედრის თაობაზე. ,,თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ საკრებულოში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით შეხვედრის თხოვნით თქვენ ორშაბათს წერილი გამოგიგზავნათ. გთხოვთ, უახლოეს მომავალში მიიღოთ საკრებულოს თავმჯდომარე და საკრებულოს წევრები, რომლებიც მოგაწვდიან ზეწოლის ძალიან კონკრეტულ ფაქტებს. მე იმედი მაქვს, რომ თქვენი მხრიდან ამას ძალიან კონკრეტული რეაგირება მოჰყვება და საკრებულოს ნორმალური ფუნქციონირებისა და მუშაობის საშუალება ექნება“,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ გიოორგი ვაშაძის გამოსვლის შემდეგ აღნიშნა, რომ იგი საკრებულოს თავმჯდომარეს აუცილებლად შეხვდება. დავით უსუფაშვილის თქმით, მას სხვა საკითხებთან დაკავშირებით საკრებულოს სხვა წევრებმაც მიმართეს, მათ შორის ყოფილმა წევრებმაც და იგი მათთან შეხვედრასაც აპირებს. ,,ძალიან კარგი ტრადიცია დამკვიდრდება სამომავლოდ, ის რაც წარსულში სამწუხაროდ არ იყო - ოპოზიციის წარმომადგენლებს პირადად ექნებათ საშუალება პარლემენტში თავისი საკითხის მოტანის, პარლამეტის თავმჯდომარესთან შეხვედრის. თბილისის საკრებულოს გამართული მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია ბევრი თვალსაზრისით და მართლაც ვაპირებ საკრებულოს წევრებთან შეხვედრას, მათ შორის ყოფილ წევრებთანაც“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა. პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით, 79 ხმით ერთხმად მიღებული იქნა კანონპროექტი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტის თანახმად, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აღარ განახორციელებს სახელმძღვანელობის ეროვნულ სასწავლო გეგმებთან შესაბამისობის დადგენას, შეფასებასა და გრიფის მინიჭებას. ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ავტორიზაციის საბჭოს ნაცვლად სამი: ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოების შექმნას. სხდომაზე მესამე მოსმენით მიიღეს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტით უქმდება ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციები სადაზღვევო ორგანიზაციების და გადამზღვეველი კომპანიების საქმიანობაზე. დეპუტატებმა მეორე მოსმენით მიიღეს პარლამენტის წევრის, თინათინ ხიდაშელის საკანონმდებლო ინიციატივები: კანონპროექტი „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და კანონპროექტი „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტით „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ განისაზღვრება დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების მოსაკრებლის ოდენობა, ხოლო კანონპროექტით „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ დგინდება აკრძალვა განსხვავებული ან დამატებითი ტარიფის, გადასახდელის ან საფასურის შემოღებაზე იმ საქმიანობისა ან მომსახურების გაწევისათვის, რომლებზეც უკვე დადგენილია მოსაკრებელი. სხდომაზე პირველი მოსმენით, 87 ხმით ერთხმად მიღებული იქნა კანონპროექტი „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. კანონპროექტის თანახმად, ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ პირებს მოათავსებენ ცალ-ცალკე, ადმინისტრაცია ვალდებულია მიიღოს ზომები ამ პირთა ერთმანეთთან ურთიერთობის დაუშვებლობის უზრუნველყოფის მიზნით (დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ადმინისტრაცია ცალ-ცალკე ათავსებს საჭიროების შემთხვევაში ან გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე). დეპუტატებმა დღევანდელ სხდომაზე 30-ზე მეტი საკითხი განიხილეს და კენჭი უყარეს. მორიგი პლენარული სხდომა გაიმართება ხვალ, 21 მარტს. დეპუტატები განიხილავენ კონსტიტუციური კანონის პროექტს „ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და კანონპროექტთა პაკეტს „საერთო სასამართლოების შესახებ“. ხვალინდელი პლენარული სხდომა დაიწყება 15:00 საათზე. |