|
"მაუწყებლობის შესახე“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, დღეს პირველი მოსმენით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სხდომაზე განიხილეს. საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები ლაშა ტუღუში, ზვიად ქორიძე, ნინო ზურიაშვილი, გიორგი კლდიაშვილი, თამარ კორძაია და საზოგადოებრივი სექტორის სხვა წარმომადგენლები არიან. საკანონმდებლო პროექტი სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ტავმჯდომარის მოადგილემ, ელისო ჩაფიძემ წარმოადგინა.
ელისო ჩაფიძის განმარტებით, კანონპროექტი სამაუწყებლო სფეროში სავალდებულო ტრანზიტის წესის შემოღებას ითვალისწინებს. წესდება მაუწყებლის ვალდებულება, მისცეს მაუწყებლობის ტრანზიტის განმახორციელებელ სუბიექტს ტრანზიტის უფლება; ასევე წესდება მაუწყებლობის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ქონებრივი დეკლარაციების შევსების, საერთო ეროვნული მაუწყებლობისთვის, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისი აუდიტის ჩატარების, ხოლო დანარჩენი მაუწყებლებისთვის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შერჩეული აუდიტორული კომპანიის მიერ აუდიტის ჩატარების ვალდებულებები. ელისო ჩაფიძის თქმით, კანონპროექტით განისაზღვრება აუდიტორული დასკვნების სრულად გამოქვეყნების წესი. წესდება სარეკლამო შემოსავლების ყოველკვარტალურად გამოქვეყნების ვალდებულება. კანონპროექტს ასევე შემოაქვს საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ საეთერო სარეკლამო დროის შესყიდვის მკაცრი წესები. როგორც ელისო ჩაფიძემ აღნიშნა, აჭარის ტელევიზია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივ მაუწყებლად ყალიბდება, ხოლო მისი სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე იმავდრულად საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იქნება. ფუნდამენტურად იცვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესები და ფორმა. „ სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა ცხრამდე მცირდება. პარლამენტისადმი წარსადგენ კანდიდატებს პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ყოველი კონკურსისთვის საგანგებოდ შექმნილი კომისია შეარჩევს, რომელშიც დარგის სპეციალისტები შევლენ. კომისიის მიერ პარლამენტს ერთ ვაკანტურ ადგილზე არანაკლებ სამი კანდიდატი წარედგინება, წარდგენილ კანდიდატთაგან სამეურვეო საბჭოს სამ წევრს საპარლამენტო უმრავლესობა აირჩევს, მეორე სამ წევრს პარლამენტის დანარჩენი წევრები. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი იქნება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე. დანარჩენ ორ კანდიდატს კი სახალხო დამცველი ირჩევს“,-აღნიშნა ელისო ჩაფიძემ. დღესვე კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები განიხილეს. კომიტეტის წევრების გადაწყვეტილებით კანონპროეტები მზად არის პლენარულ სხდომაზე განსახილველად. |