| აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა |
| ხუთშაბათი, 21 მარტი 2013 14:59 |
|
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, დავით შერვაშიძეს მოუსმინეს. მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრებს სოფლად საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობის და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლების შესახებ ინფორმაცია გააცნო და სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია-მოდერნიზაციაზეც ისაუბრა. დავით შერვაშიძის ინფორმაციით, მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის განხორციელება 11 თებერვლიდან დაიწყო. პროექტის მიხედვით, ფერმერებს ორი ტიპის სასოფლო-სამეურნეო ბარათი გადაეცემათ. კომბინირებული ბარათი ნიადაგის ხვნის და ხნულის დადისკვის მომსახურებისთვის, ხოლო ნომინალური ბარათი - სასოფლო-სამეურნეო წარმოების საშუალებების და ინვენტარის შესაძენად გამოიყენება. მისი განცხადებით, დღეის მონაცემებით კომბინირებული ბარათები კახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის მცხეთა-მთიანეთის, აჭარის, იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის მოსახლეობას უკვე გადაეცა, ამჟამად კი მათი დარიგება რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ფერმერებისთვის მიმდინარეობს. სამცხე-ჯავახეთის და გურიის მოსახლეობა აღნიშნულ ბარათებს 25 მარტისთვის მიიღებს. მინისტრის მოადგილის განმარტებით, დარიგებული ბარათების რეალიზება აქტიურად მიმდინარეობს, ხოლო იმ ფერმერებს, რომლებმაც უკვე საკუთარი საშუალებით განახორციელეს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დამუშავება, მათ კომბინირებული ბარათისთვის განსაზღვრული თანხა, ნომინალურ ბარათზე დამატებით დაერიცხებათ. დავით შერვაშიძემ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესახებ საუბრისას, აღნიშნა, რომ აპრილის ბოლოს აღნიშნული ტექნიკის პარკი დამატებით 350 ერთეული ტექნიკით შეივსება. „2013 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით სახელმწიფოს მიერ შესყიდულია 1071 ტრაქტორი, 91 კომბაინი, 4250 სხვადასხვა სახის აგრეგატი, 26 ერთეული სპეცტექნიკა, 1700 მოტობლოკი და 2000 ხელის მექანიკური სათესი. მიმდინარე წელს ასევე დაგეგმილია 9 693 ათასი ლარის ღირებულების ტექნიკის შეძენა, რომლებიც საშემოდგომო სამუშაოებისთვის იქნება განკუთვნილი“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. კომიტეტის სხდომაზე სოფლად მიმდინარე სამუშაოების შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროს დეპარტამენტების და სამსახურების ხელმძღვანელებმაც ისაუბრეს და კომიტეტის წევრებს სრულყოფილი და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. კომიტეტმა ცნობად მიიღო სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაოები და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. |
| ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 21 მარტი 2013 15:42 |






