გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა
ხუთშაბათი, 21 მარტი 2013 15:09

DSC 0042

მარაბდა-კარწახის სარკინიგზო ხაზის მშენებლობამ ჯავახეთის დაცული ტერიტორიების საზღვრების შეცვლა განაპირობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებები მომზადდა, რომელიც II მოსმენით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. საკითხი კომიტეტის წევრებს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ, შალვა ამირეჯიბმა გააცნო.

მისი ინფორმაციით, სარკინიგზო ხაზის მშენებლობის შედეგად, ჯავახეთის ეროვნული პარკიდან 17,5 ჰა ფართობი ამოირიცხა და იგი 17,9 ჰა ტერიტორიით ჩანაცვლდა, ამ ტერიტორიის ნაწილი კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დროებით სარგებლობაში გადაეცა. ამასთან ერთად, მიწის რეფორმის განხორციელების შემდეგ დაცული ტერიტორიის გარკვეული ნაწილი კერძო საკუთრებაში აღმოჩნდა, შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტით აღნიშნული პრობლემაც მოწესრიგდება. კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ცაგარეიშვილის განმარტებით, სარკინიგზო ხაზის მშენებლობა დასრულების სტადიაშია და კანონპროექტის ინიციატორი საკითხის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს. მისივე განცხადებით, საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები დონორ ორგანიზაციებთან და ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან უკვე გაიმართა. სხდომაზე კომიტეტის წევრმა, გია გაჩეჩილაძემ სამინისტროსთვის დროებით გადაცემული ტერიტორიის კონტროლზე აყვანის მოთხოვნა დააყენა. კომიტეტმა მისი მოთხოვნა გაიზიარა. კომიტეტის სხდომაზე განხილულ კანონპროექტზე პარლამენტის პლენარული სხდომა იმსჯელებს. 

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 21 მარტი 2013 15:12
 
modules