საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა
ხუთშაბათი, 21 მარტი 2013 15:42

თავდაცვის სისტემაში უკვე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, ასევე, სამინისტროში დაგეგმილ ახალ ინიციატივებზე ისაუბრა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ დღეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში შეხვედრისას.

მინისტრმა თავის გამოსვლაში, ასევე თავდაცვის სამინისტროს ახალი პოლიტიკის შესახებ ისაუბრა, რომელიც სწრაფი რეაგირების შესაძლებლობების მქონე პროფესიული შეიარაღებული ძალების შექმნას გულისხმობს.
ირაკლი ალასანიამ თავის მოხსენებაში ქართულ არმიასა და თავდაცვის სისტემაში უკვე გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა, თუმცა უფრო დეტალურად ამ საკითხებს მოგვიანებით ისევ დაუბრუნდა, როდესაც დეპუტატების შეკითხვებს პასუხობდა. საუბარი შეეხო ქართველი სამხედროებისა და შეიარაღებული ძალების თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდის, ასევე, სადაზღვევო პაკეტის გაუმჯობესებისა და საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახების სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესების საკითხს, საჯარო შესყიდვების ტრანსფარენტულობას. მინისტრის განცხადებით, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც უკანონოდ დათხოვნილი სამხედრო მოსამსახურეების საქმეებს სწავლობს. შეხვედრაში მონაწილეობდნენ მინისტრის მოადგილეები ლევან დოლიძე და თამარ ქაროსანიძე, რომლებმაც ასევე უპასუხეს დეპუტატების შეკითხვებს, მათ თავდაცვის სისტემაში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს. დეპუტატები დაინტერესდნენ და ამომწურავი პასუხი მიიღეს სამხედრო მოსამსახურეების განათლების დონის ამაღლებასა და 2016 წლისთვის მთლიანად საკონტრაქტო სამხედრო სამსახურზე გადასვლასთან დაკავშირებით.
მინისტრმა თავის მოხსენებაში რეზერვისა და მობილიზაციის ეფექტური სისტემის ჩამოყალიბების პროცესებზე ისაუბრა. თავდაცვის მინისტრმა ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებზეც ისაუბრა, მათ შორის სოჭის ოლიმპიადის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის პოტენციურ შესაძლებლობაც დაასახელა.
DSC 0022ირაკლი ალასანიას განცხადებით, თავდაცვის სამინისტრომ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ევროკავშირს მათი ეგიდით საერთაშორისო ოპერაციებში თანამონაწილეობის საკუთარი ვარიანტი შესთავაზა, რაც გულისხმობს ერთობლივ საშტაბო სხდომებში საქართველოს წარმომადგენლის მონაწილეობას, მათი დაგეგმარების პროცესში ჩართვის მიზნით, „ჩვენ ასევე, შევთავაზეთ ერთი გამნაღმველი. პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებულია, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები", - განაცხადა ალასანიამ. მისი თქმით, ეს შემოთავაზება საქართველომ გასული წლის დეკემბერში მიიღო.
შეხვედრაზე ისაუბრეს სამხედრო მოსამსახურეებისთვის რეაბილიტაციისა და პროტეზირების ცენტრის განვითარებაზე. ამასთან ერთად, თავდაცვის სამინისტროში სწორი კარიერული ზრდის სისტემას ჩაეყარა საფუძველი. განიხილეს ისეთი პროექტები, როგორიც არის უკვე შექმნილი უწყებათაშორისი კომისია, რომელიც განიხილავს, თუ როგორ სტრუქტურულ ქვედანაყოფად უნდა ჩამოყალიბდეს ვეტერანთა დეპარტამენტი. მინისტრმა ისაუბრა კიდევ ერთ ინიციატივაზე, როგორიცაა წარსულში დაშვებული შეცდომების გაანალიზება და სტრატეგიულ, ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეებზე განხორციელებული ყველა ქმედების შესწავლა.  ასევე პარლამენტის და სამოქალაქო სექტორის თავდაცვის სამინისტროს საქმიანობაში მეტი ჩართულობის ახალი კონცეფციის თაობაზე.  მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა პარლამენტის წევრის, დავით დარჩიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა - „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ და „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ კანოში ცვლილების შესახებ კანონპროექტი განიხილეს პირველი მოსმენით. ინიციატორის განცხადებით, კანონის მიღება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, ქართულ რეალობაში დამკვიდრდეს კანონთა ჰარმონიზაციის პრაქტიკა, რომელიც გააჩნიათ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრ ქვეყნებს. კანონპროექტის ერთ-ერთი მუხლის შესაბამისად „სამხედრო დოქტრინას“ ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი, რასაც მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით პრეზიდენტის წარდგინებით ამტკიცებდა პარლამენტი. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს აღნიშნული ცვლილების გარდა.

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 21 მარტი 2013 16:35
 
modules