|

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მესამე მოსმენისთვის განიხილა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებები, რომლის თანახმად, მაჟორიტარული სისტემით არჩეული პარლამენტის წევრის ბიუროს დებულებას პარლამენტის თავმჯდომარის ნაცვლად, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წარდგინებით პარლამენტის ბიურო დაამტკიცებს. კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის წევრის, ბიძინა გუჯაბიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი პროექტი, რომელიც პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების განხორციელებას ითვალისწინებს. პროექტის თანახმად, პარლამენტის სხდომათა დარბაზში მყოფ პირთა ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო-საქმიანი ან ეროვნული. საპარლამენტო კომიტეტებთან სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების შექმნის შესაძლებლობას ითვალისწინებს პარლამენტის წევრის, ზურაბ ტყემალაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტი, რომელიც კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა. საბჭოების შემადგენლობაში შევლენ შესაბამისი დარგის კომპეტენტური კონსულტანტები. საბჭოს შემადგენლობას შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარე დანიშნავს. საჯარო სამსახურში მიღებისას პირთა მიერ სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის წარდგენისა და სამსახურში მოხელის დაწინაურების საკითხებს არეგულირებს პარლამენტის წევრის, ზურაბ ტყემალაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ, რომელიც კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა. პროექტის თანახმად, სამსახურში მიღებისას აუცილებელია პირმა წარადგინოს სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა, ხოლო მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა ნარკოლოგიური მომსახურების მიმწოდებელი ან შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილი ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულების ნიშნებისა და ამ ნივთიერებათა ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტის არარსებობა. პროექტის თანახმად, უფრო მაღალ თანამდებობაზე შეიძლება წამოყენებული იქნეს ის მოხელე, რომელიც საჯარო სამსახურში მიღებულია კონკურსის წესით და დაკავებულ თანამდებობაზე 1 წელი მაინც მსახურობს.
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაში ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები განსაზღვრა. კომისიაში ორ-ორი წევრი ეყოლებათ ფარქციას ,,ქართული ოცნება“ და ფრაქციას ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. დანარჩენ შვიდ ფრაქციას და იმ დეპუტატებს, რომლებიც არც ერთ ფრაქციაში არ არიან გაერთიანებული კომისიაში თითო წევრი ეყოლებათ. დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრთა რაოდენობა 12-ით განისაზღვრა. კომიტეტის წევრებმა პირველი მოსმენისთვის განიხილეს კანონპროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისი თანმდევი კანონპროექტები. პროექტის მიხედვით, იცვლება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ფორმირების წესი და სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა 9-მდე მცირდება. ცვლილებების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსების ოდენობა განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ით. პროექტი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მთლიანი ბიუჯეტის არანაკლებ 15%-ის გამოყოფას ითვალისწინებს. პროექტთან დაკავშირებით სხდომაზე შენიშვნები გამოთქვეს როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა. კომიტეტის წევრები და კანონპროექტის ავტორი, პარლამენტის წევრი ელისო ჩაფიძე შეთანხმდნენ, რომ ორი კვირის შემდეგ სამი კომიტეტის: საპროცედურო საკითხთა და წესების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატები დაუბრუნდებიან კანონპროექტის განხილვას, რომელშიც უკვე ასახული იქნება გამოთქმული შენიშვნები და შესწორებები. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას. |