აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რიჩარდ ნორლანდმა საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა | ბეჭდვა |
ხუთშაბათი, 21 მარტი 2013 17:40

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, თედო ჯაფარიძის მოწვევით, პარლამენტს აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რიჩარდ ნორლანდი ეწვია.

რიჩარდ ნორლანდი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდა და მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ესაუბრა. შეხვედრაზე განხილული იყო საკითხების ფართო სპექტრი, მათ შორის ქართულ-ამერიკული ურთიერთობები, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური თემები. აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. 

რიჩარდ ნორლანდმა დღესვე შეხვედრები გამართა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, თედო ჯაფარიძესთან, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერთან, დავით ბაქრაძესთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან.

შეხვედრების დასრულების შემდეგ აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჟურნალისტებისთვის კომენტარი გააკეთა. მან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს აშშ-ში წარმატებული ვიზიტი მიულოცა. რიჩარდ ნორლანდმა მადლიერება გამოხატა საქართველოსადმი ავღანეთის ოპერაციაში ქართველი სამხედროების მონაწილეობის გამო.

,,მინდა, მადლიერება გამოვხატო საქართველოსადმი იმის გამო, რომ აშშ-სთან თანამშრომლობა ასეთი მჭიდროა. განსაკუთრებით კი, საქართველოს წვლილისთვის ავღნეთში, სადაც ქართველი სამხედროები თავიანთ სამსახურს აგრძელებენ. მათ შორის არის მსხვერპლი, არიან დაჭრილებიც. მინდა გამოვხატო ჩემი თანაგრძნობა იმ ჯარისკაცებისა და ოფიცრების ოჯახებისადმი, ვინც ავღანეთში ოჯახის წევრები დაკარგეს“, - განაცხადა აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა.

რიჩარდ ნორლანდმა აღნიშნა, რომ აშშ-ს თანამშრომლობა საქართველოსთან გაგრძელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პოლიტიკური ძალა ან პოლიტიკოსი იქნება ხელისუფლებაში საქართველოში თუ აშშ-ში.

მისივე თქმით, დებატები მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე მნიშვნელოვანია, თუმცა არ შეიძლება იმ დიდი პროგრესის დავიწყება, რომელსაც საქართველომ მიაღწია. "საქართველოს ჰყავს ძლიერი მთავრობა, რომელსაც აქვს მყარი საარჩევნო მანდატი, კომპეტენტური პარლამენტი, დამოუკიდებელი სასამართლო და მედია, რაც არის საფუძველი ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოებისთვის. დამთხვევაა, რომ დღეს ვიმყოფები პარლამენტში იმ დროს, როდესაც პარლამენტი მნიშვნელოვანი კონსტიტუციური ცვლილებების განხილვას იწყებს. აშკარად, ეს გახლავთ საქართველოს შიდა პოლიტიკური განსჯის საგანი. რამდენადაც ვიცნობ პრესიდან მდგომარეობას, ორივე მხარე თანხმდება შინაარსზე, მაგრამ როგორც ეს დემოკრატიულ პროცესში ხდება, თითოეული მხარე ცდილობს მაქსიმალურად უზრუნველყოს მისი ამომრჩევლების ინტერესები", - განაცხადა რიჩარდ ნორლანდმა. აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აღნიშნა, რომ მთავარია ქვეყანამ დემოკრატიული განვითარება გააგრძელოს. ,,ჩვენი გზავნილი არის შემდეგი - საქართველომ უნდა გააგრძელოს დემოკრატიულ გზაზე წინსვლა. იქნება თემები, რომელიც იქნება განხილვის საგანი, მაგრამ კომპრომისისა და განსჯის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები არის რეალურად მისაღები და სასარგებლო", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

ბოლოს განახლდა ორშაბათი, 25 მარტი 2013 18:42