პარლამენტის პლენარული სხდომა
ხუთშაბათი, 21 მარტი 2013 21:14

დღეს პარლამენტმა კონსტიტუციური ცვლილების პროექტს ერთხმად, 135 ხმით დაუჭირა მხარი. საკითხის კენჭისყრაზე დაყენებამდე უმცირესობის მოთხოვნით სარეიტინგო კენჭისყრით 93 მხარდამჭერი და არცერთი წინააღმდეგი გამოვლინდა. კენჭისყრამდე პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, მანანა კობახიძემ კონსტიტუციური ცვლილებების საერთო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის საქმიანობის ანგარიში წარმოადგინა. კობახიძის განმარტებით, კონსტიტუციური კანონის პროექტზე მსჯელობა სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და საზოგადოებას მისი შინაარსი ამ ხნის მანძილზე მკაფიოდ განემარტა. მისივე ინფორმაციით, კომისიამ საქართველოს მასშტაბით 14 სხდომა ჩაატარა, მათ შორის, სამი შეხვედრა თბილისში, პროფესორ-მასწავლებლებთან, ჟურნალისტებთან,სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებთან გაიმართა.
„კომისია შედგება 20 წევრისგან, რომელთაგან 6 წევრი- უმრავლესობის, 6 - უმცირესობის, დანარჩენი წევრები კი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ საპარლამენტო უმცირესობა განხილვების პროცესს გამოეთიშა“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ. მისივე ინფორმაციით, ამ საკითხზე საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ონლაინ-რეჟიმში მიმდინარეობდა და გამოკითხვაში მონაწილეთა 67% დაეთანხმა მოსაზრებას, რომ პრეზიდენტს მთავრობის შექმნა აეკრძალოს. იგივე რაოდენობა არ ეთანხმება, რომ პრეზიდენტს ჰქონდეს პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობა პარლამენტის არჩევიდან პირველი 6 თვის და საპრეზიდენტო ვადის ბოლო 6 თვის განმავლობაში. მანანა კობახიძის განმარტებით, შემაჯამებელი ოქმი იურიდიულ კომიტეტს გადაეცა და მან გარკვეული ტრანსფორმირება განიცადა. „ვფიქრობ, კომისიამ თავისი როლი შეასრულა. კანონპროექტს ოჰაიოს უნივერსიტეტის პროფესორ ჰემპტონის დასკვნაც ერთვის. გამოთქმული მოსაზრებებისა და შენიშვნების თანახმად, პრეზიდენტის მიერ მთავრობის გადაყენების შემთხვევაში, ახალი პრემიერ-მინისტრისა და მინისტრების დანიშვნა პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემდეგ უნდა მოხდეს“,-განაცხადა მანანა კობახიძემ. აქვე მან არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრება გააცნო დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტის დათხოვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტისთვის 6 თვიანი შეზღუდვის მოხსნას სახიფათოდ მიიჩნევენ და პოლიტიკური კრიზისის საფრთხის წარმოქმნას ვარაუდობენ.
საპარლამენტო უმცირესობის წევრები დაინტერესდნენ, არის თუ არა პრინციპული სხვაობა წარმოდგენილ საკონსტიტუციო პროექტსა და იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს შორის, რომელიც „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრობამ“ 2010 წლის შემოდგომაზე მიიღო და 2013 წლის ოქტომბერში, პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან უნდა ამოქმედდეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის მოსაზრებით, წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებები არ ეხება აღნიშნულ მუხლებს. „იმ ნორმების თანახმად, რომელიც 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ უნდა ამოქმედდეს, პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნის უფლება პირველი ექვსი თვის განმავლობაში ექნება იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ვერც პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მთავრობას გამოუცხადებს ნდობას და ვერც თავად შექმნის მთავრობას“,-განმარტა ვახტანგ ხმალაძემ. მისივე თქმით, 80-ე მუხლის თანახმად, ოქტომბრის შემდეგ ახალარჩეულ პრეზიდენტს არ ექნება მთავრობის გადაყენების ერთპიროვნული უფლება და პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის შემადგენლობის დანიშვნის უფლება.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, შალვა შავგულიძის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები ქვეყნის უკეთეს მომავალს სჭირდება, რამდენადაც ის პოლიტიკური კრიზისისა და დესტაბილიზაციის რისკს შეამცირებს და ქვეყნის სტაბილურობას შეუწყობს ხელს. „ხელისუფლებაში ახალი პოლიტიკური ძალის მოსვლის შემდეგ, საჭირო გახდა უმცირესობაში გადასულ ყოფილ მმართველ ძალას შორის კოჰაბიტაციის მიღწევა და ურთიერთშეთანხმებით მოქმედება ქვეყნისთვის საჭირო საკითხთა გადაწყვეტისთვის. წარმატებული კოჰაბიტაციის მაგალითია ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის შესახებ დეკლარაციის ერთხმად მიღება უმრავლესობის და უმცირესობის მიერ, მაგრამ ერთი ძალიდან მეორის ხელში ხელისუფლების გადასვლა მტკივნეული პროცესია და სტაბილურობა ამ პერიოდში მეტ დაცვას საჭიროებს“,-აღნიშნა შალვა შავგულიძემ. მისი თქმით, გარდამავალ პერიოდში პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზანს ემსახურება კანონპროექტი კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის მიზანია, ხელისუფლების განშტოებების ურთიერთკონტროლისა და წონასწორობის დარღვეული პრინციპის აღდგენა.
შავგულიძეს მიაჩნია, რომ კანონპროექტის მიღება ქვეყანაში მეტ სტაბილურობას უზრუნველყოფს , რადგან პოლიტიკური კრიზისისა და დესტაბილიზაციის შესაძლებლობას შეამცირებს და ამასთანავე, მომავალში პრინციპული საკითხების გადასაწყვეტად უმრავლესობისა და ოპოზიციის ქმედითად თანამშრომლობასაც შეუწყობს ხელს.
უმცირესობის წარმომადგენლის, სერგო რატიანის განმარტებით, მოლაპარაკებები უმრავლესობასა და უმცირესობას შორის პრემიერ-მინისტრმა ჩაშალა. მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების შემდეგ, უმცირესობის წევრებმა არაერთხელ განაცხადეს მზადყოფნა ცვლილებებისთვის მხარდასაჭერად. „აღნიშნული მუხლი ჩვენთვის პრობლებას არ წარმოადგენს და ის მართლაც უნდა შეიცვალოს, თუმცა ამასთან ერთად ჩვენ ვსაუბრობდით პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაში 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ არსებობს“,-განაცხადა სერგო რატიანმა. მისივე თქმით, შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო, რომელსაც, ერთი მხრივ - დავით უსუფაშვილი, მეორე მხრივ დავით ბაქრაძე უძღვებოდა, რაც წინგადადგმული ნაბიჯი იყო. „გარკვეული შეთანხმებაც იქნა მიღწეული და გრძელდებოდა ეს პროცესი, მაგრამ ბატონმა პრემიერმა ეს მოლაპარაკებები ჩაშალა და ვფიქრობ, ორივე მხარე საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. დღეს შემოთავაზებული ფორმა ესაა ჩაშლილი მოლაპარაკებების შედეგი“, - განაცხადა რატიანმა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრმა, პავლე კუბლაშვილმა პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვის დროს სარეიტინგო კენჭისყრის საკითხი დააყენა. მისი თქმით, ცვლილების შინაარსთან დაკავშირებით უმცირესობას კითხვები არ აქვს და მზად არის კონკრეტულ გადაწყვეტილებას დაუჭიროს მხარი. „მე მინდა ისეთი პარლამენტი, სადაც უმრავლესობა დაშლით არ ემუქრება უმცირესობას. დავასრულოთ ეს პრაქტიკა და ტრადიცია, როდესაც ერთი პოლიტიკური ძალა მეორეს მუქარით ელაპარაკება, მოდით გავაკეთოთ ის, რაზეც გუშინდელი დღიდან ვმსჯელობთ და რაც სრულ შესაბამისობაშია საპარლამენტო პრაქტიკასთან, დავადასტუროთ ჩვენი რეალური ძალა სარეიტინგო კენჭისყრით, ერთი მხრივ საპარლამენტო უმრავლესობამ, მეორე მხრივ უმცირესობამ“,-განაცხადა კუბლაშვილმა.
უმრავლესობის წევრმა კობა დავითაშვილმა 2004 წლის თებერვლის დასაწყისი გაიხსენა, როდესაც მაშინდელმა პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილების პროცედურების და დადგენილი ვადის დარღვევით, სამ დღეში პრეზიდენტს საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნის უფლება მისცა. „მიხარია, რომ დღეს იხილება ეს საკითხი და პარლამენტს აქვს შესაძლებლობა, გათავისუფლდეს იმ დამოკლეს მახვილისგან, რომელიც მის თავზე 2004 წლის თებერვალში დაკიდეს“, - განაცხადა დავითაშვილმა.
ფრაქცია „დამოუკიდებელი, უპარტიო მაჟორიტარების“ წევრის, კახა ოქრიაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებები საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის აუცილებელია. „მოგმართავთ, მოძებნოთ კონსესუსი და კოჰაბიტაციის პროცესი რეალუარად დაიწყოს“,-განაცხადა ოქრიაშვილმა.
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ზაქარია ქუცნაშვილის განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმის მიცემა გადაბირების დემონსტრირება და სისუსტის გამოვლენა არ არის. მისი თქმით, უმრავლესობას სულ სხვა მიზანი ამოძრავებს და მათ შორის უმთავრესია ისეთი თანამშრომლობის ასპარეზის შექმნა მხარეებს შორის, რომელსაც საფუძვლად ანგარება და გარიგება არ უდევს. ქუცნაშვილის თქმით, ტერმინი „ გადაბირებული აღმოჩნდები“, არის სამხედრო ტერმინი, რომელიც ძირითადად მოღალატეებთან ურთიერთობაში გამოიყენება და უმრავლესობას არ მიაჩნია, რომ ვინც ხმას მისცემს, ის არის მოღალატე.
საპარლამენტო უმრავლეოსობის წევრის, გუბაზ სანიკიძის ვარაუდით, „ნაციონალური მოძრაობა“ სარეიტინგო კენჭისყრას იმიტომ ითხოვს, რომ გუნდის შიგნით არსებული ვითარება თავადაც ვერ გაურკვევიათ. მისივე თქმით, ისტორია დაუნდობელია და წლების შემდეგ ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს. „სამშობლო არ არის სააკაშვილი. ის არის მუდმივი ცნება, ხოლო სააკაშვილი - დროებითი“,-განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, არასწორია საკითხის წარმოჩენა ისე, თითქოს ამ ცვლილებებზეა დამოკიდებული ქვეყნის ბედი, რადგან 2013 წლის ოქტომბერში ეს ცვლილებები ძალას კარგავს. „თუ პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში, არსებული მექანიზმის გამოყენებით პრეზიდენტი მოახდენს მთავრობის დათხოვნას და პარლამენტის თანხმობის გარეშე ფორმირებას, მე ჩემს ადგილს მის პოლიტიკურ გუნდში ვერ დავინახავ“,-აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
სხდომაზე გამოცხადებული შესვენების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა სარეიტინგო გამოკითხვის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მისი თქმით, შესვენების განმავლობაში ოპოზიციის მხრიდან კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილთან, ხოლო უმრავლესობის მხრიდან ბიძინა ივანიშვილთან მიმდინარეობდა . „ბოლო კონსულტაციების შედეგად, მიხეილ სააკაშვილთან კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხემა ვერ მოხდა, თუმცა კომპრომისი შეთავაზებული იყო. კონსულტაციები ჩვენც გვქონდა ბიძინა ივანიშვილთან და მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩემი დისკრეციის ფარგლებში სარეიტინგო კენჭისყრასთან დაკავშირებით, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე. სარეიტინგო კენჭისყრა არსებობს იმისთვის, რომ გაირკვეს ბუნდოვანი ვითარება და არა ის არითმეტიკული ჭეშმარიტება, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰყავს საკონსტიტიციო უმრავლესობა“, - განაცხადა უსუფაშვილმა. პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილება მიიღო.
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის ინფორმაციით, ბიუროს სხდომა ხვალ, 22 მარტს 11 სთ-ზე, ხოლო მორიგი პლენარული სხდომა 12 სთ-ზე გაიმართება. 

ბოლოს განახლდა პარასკევი, 22 მარტი 2013 13:54
 
modules