პარლამენტის პლენარული სხდომა
Friday, 22 March 2013 23:00

პარლამენტის პლენარული სხდომის დასაწყისში პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დეპუტატებს ბიუროს გადაწყვეტილება გააცნო, რომლის მიხედვითაც პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს. „დღის ბოლომდე მე მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს იმისთვის, რომ ორშაბათს, 25 მარტს მოწვეული იყოს რიგგარეშე სხდომა, რათა ჩვენ კონსტიტუციური ცვლილებების საკითხი და შესაძლოა, კიდევ რამდენიმე საკითხი, ბოლომდე მივიყვანოთ. პარლამენტის სხდომა 25 მარტს, 14:00 საათზე გაიმართება“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ კანონმდებლებმა პლენარული სხდომის განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ II მოსმენით „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კონსტიტუციური კანონპროექტი წარმოადგინა. საკითხის მუხლობრივად განხილვისას მასთან დაკავშირებით შენიშვნები არ გამოთქმულა, რაც კენჭისყრის შედეგზეც აისახა - 123 ხმით, ერთხმად  კონსტიტუციური კანონპროექტი II მოსმენით იქნა მიღებული. დეპუტატებმა დილის სხდომაზე III  მოსმენით „სახელმიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები განიხილეს.
plenaruli 4იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი წარმოადგინა.  ცვლილებებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების და საბჭოს არჩევის წესი რეგულირდება. ასევე განსაზღვრულია სასამართლო შენობის და სასამართლოს სხდომის დარბაზში ფოტო-ვიდეო გადაღების და სტენოგრაფის საკითხები. მინისტრის მოადგილის განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტთა პაკეტი I მოსმენით პარლამენტმა დეკემბერში მიიღო. მას შემდეგ საკითხის განხილვა დროებით შეჩერდა, რადგან იგი შესასწავლად ვენეციის კომისიას გადაეგზავნა. მათი მხრიდან დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ კი, კანონპროექტის განხილვა კვლავ გაგრძელდა. ალექსანდრე ბარამიძის განმარტებით, კანონპროექტთა ინიციატორებმა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების უმეტესობა გაიზიარა და ასახა წარმოდგენილ დოკუმენტში. საკითხის მომხსენებელმა კანონპროექტების მუხლობრივად განხილვისას დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა და გარკვეულ ნორმებთან დაკავშირებით დამატებითი განმარტებები გააკეთა. საკითხის განხილვის დასრულების შემდეგ, საკუთარი მოსაზრებები თანამომხსენებლებმა და ცალკეულმა პარლამენტის წევრებმაც გამოთქვეს. საპარლამენტო უმცირესობამ კანონპროექტის კენჭისყრაში მონაწილეობაზე თავიდანვე უარი განაცხადეს და ამის მიზეზად ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად არ გაზიარება დაასახელეს. კანონპროექტის კენჭისყრასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები უმრავლესობის შიგნითაც დაფიქსირდა. დეპუტატთა ნაწილი პროექტის ორი ნაწილისთვის ცალკე კენჭისყრას ითხოვდა, თუმცა კონსულტაციების შემდეგ წარმოდგენილ კანონპროექტს ერთიანად ეყარა კენჭი, რომლის მიხედვითაც 88 მომხრით, 2-ის წინააღმდეგ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი II მოსმენით იქნა მიღებული.  
შესვენების შემდეგ, პარლამენტის წევრებმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტი II მოსმენით განიხილეს. 43 კანონპროექტი, რომელიც გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ, შალვა ამირეჯიბმა წარმოადგინა, კანონმდებლებმა მუხლობრივად გაიარეს. საღამოს სხდომაზევე დეპუტატებმა II მოსმენით „პროფესიული თეატრების შესახებ“, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, I მოსმენით კი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები განიხილეს. სხდომაზე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ლევან დოლიძემ სარატიფიკაციოდ „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამხედრო ფინანსური თანამშრომლობის შესახებ“ ხელშეკრულება წარმოადგინა.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის დასრულების შემდეგ, კენჭისყრის პროცედურა გაიმართა. პარლამენტის წევრებმა კენჭი უყარეს და მიიღეს ის 76 საკითხი, რომლებიც დღევანდელ სხდომაზე იქნა განხილული. კანონმდებლები რიგგარეშე სხდომის ფარგლებში 25 მარტს, 14 საათზე შეიკრიბებიან.

Last Updated on Friday, 22 March 2013 23:05
 
modules