|

საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობის თაობაზე მსჯელობდნენ დღეს თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გამართულ შეხვედრაზე. ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს ორი პროექტი, ბიზნეს ინკუბატორების განვითარების შესახებ და მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კონცეფციის შესახებ, რის შემდეგაც ამ თემებზე დისკუსია გაიმართა. როგორც შეხვედრაზე პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიგლა აგულაშვილმა განაცხადა, საქართველოს განვითარების სტარატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია სოფლის მეურნეობის განვითარება. ამ სტარტეგიის ერთ-ერთი კომპონენტი კი კოოპერირების ხელშეწყობაა. ჩვენს სოფლის მეურნეობაში სხვა ბევრ პროებლემასთან ერთად მნიშვნელოვანია მცირემიწიან ფრაგმენტებად დაყოფილი ფართობების პრობლემა. ჩვენ აქედან გამოსავალს კოოპერირებაში ვხედავთ, შესაბამისი კანონპროექტი პრაქტიკულად შემუშავებულია. რამდენჯერმე გაიმართა სამუშაო შეხვედრები სართაშორისო ორგანიზაციებთან, სამინისტროების წარმომადგენლებთან, ადგილობრივ ექსპერტებთან, მეწარმეებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან. გასულ კვირაში კომიტეტშიც განვიხილეთ ეს საკითხი, ვცდილობთ, საბოლოო სახე მივცეთ კანონპროექტს და დროულად მოხდეს პარლამენტში მისი ინიცირება, ამის პარალელურად ვგეგმავთ იმ ღონისძიებებსაც, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მდგრადი განვითარება, შესაბამისად აქ მრავალი თემაა ერთმანეთთან დაკავშირებული, როგორიცაა მაღალმთიანი რეგიონების განვითარება, შიდამიგრაციისა და დემოგრაფიული საკითხები, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის კომპონენტი, საუბარია ასევე ბიზნეს ინკუბატორების მოდელებზე, რაც ხელს შეუწყობს მდგრადი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, ჩვენ ვფიქრობთ ჰარმონიზების მოდელის შემუშავებას, რომ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები ერთმანეთთან თანხვედრაში იყოს და გააძლიეროს ერთმანეთი“, განაცხადა გიგლა აგულაშვილმა შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ USAID, UNDP, კავკასიის უნივერსიტეტის, კავკასიის მთიანი რეგიონების საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიოაგროს და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზციების წარმომადგენლები. |