პარლამენტის რიგგარეშე სხდომა
ორშაბათი, 25 მარტი 2013 17:53

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონი პარლამენტმა მესამე მოსმენით ერთხმად (114 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი) მიიღო დღეს რიგგარეშე სხდომაზე. ამით დასრულდა კანონპროექტის განხილვის სამთვიანი პროცესი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუსფაშვილმა კენჭისყრის დასრულების შემდეგ ეს მოვლენა მიულოცა საქართველოს ხალხს და მის მიერ არჩეულ ორგანოს, პარლამენტს, რომელიც ამ ცვლილების ძალაში შესვლის შემდეგ იქნება საქართველოს ხალხის ნების ექსკლუზიური გამომხატველი იმ საკითხში თუ ვინ და როგორ უნდა მართოს ქვეყანა.

„ამ პროცესმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, მაგრამ ჯობს ასეთი ვნებათაღელვა იყოს ამ დარბაზში, სხვა დარბაზებში პოლიტიკოსთა შორის და შემდეგ მოხერხდეს ხალხისთვის სწორი გადაწყვეტილებების მიღება. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი წაადგება ქვეყნის წინსვლას და განვითარებას, ამასთან დადგენილი პროცედურებით გაფორმდება მიღებული გადაწყვეტილება და გაეგზავნება პრეზიდენტს ხელმოსაწერად. მე მინდა განვაცხადო, რომ ამ კანონზე ხელმოწერისა და მისი გამოქვეყნებისთანავე საქართველოს პარლამენტი მზად იქნება საქართველოს პრეზიდენტს შესთავაზოს ამ დარბაზში გამოსვლა იმ მოხსენებით, რომელზეც იყო საუბარი. ჩვენ ჩვენი სიტყვის ერთგულები ვართ და საკონსტიტუციო ცვლილებების გამოქვეყნებისთანავე ჩვენ შეგვიძლია გავმართოთ კონსულტაციები იმაზე თუ როდის შეიძლება პრეზიდენტის მობრძანება ამ დარბაზში“,  - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 
პარლამენტმა დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილა და კენჭისყრით მიიღო 49 კანონპროექტი. მათ შორის საქართველოს კანონის პროექტი „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ და გარემოსდაცვითი კანონპროექტთა პაკეტი.
დღეს იგეგმებოდა „საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი“, მაგრამ გუშინ, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძესა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად საკითხი გადაიდო. გადაწყდა, რომ მესამე მოსმენა გაიმართოს მომავალ კვირაში, როდესაც პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები იქნება მზად, რადგანაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ექვსი წევრის არჩევის ნაწილში საპარლამენტო პროცედურებია განსასაზღვრი და იმისთვის, რომ სურათი სრულიად ნათელი იყოს, ჯობს ეს დოკუმენტიც მომზადდეს შაბათამდე, რათა მომავალ კვირაში კომპლექსურად მოხერხდეს დოკუმენტების განხილვა. ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დამატებითი კონსულტაციები გაიმართება იმის თაობაზე თუ რა არის დასაზუსტებელი მეორე მოსმენით განხილულ კანონპროექტში და რის საშუალებას იძლევა პროცედურები. სხდომის დასასრულს პარლამენტის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე მიულოცა კოლეგებს და მთელ საქართველოს.

ბოლოს განახლდა ორშაბათი, 25 მარტი 2013 18:22
 
modules