უმრავლესობისა და უმცირესობის კონსულტაცია საერთო სასამართლოების შესახებ
Wednesday, 27 March 2013 16:32

„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაიმართა დღეს თბილისში, იუსტიციის სახლში საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წევრებს შორის. უმრავლესობის პოზიციით შეთანხმება უნდა წარიმართოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების ფარგლებში. აქედან გამომდინარე, უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მოსამართლეთა კონფერენციამ უნდა აირჩიოს ცხრა წევრი, ხოლო პარლამენტმა ექვსი წევრი - უფლებადამცველების, სწავლული იურისტების და ადვოკატების საზოგადოებიდან უნდა აირჩიოს. დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრები: უმრავლესობიდან - ვახტანგ ხმალაძე და ზაქარია ქუცნაშვილი, ხოლო უმცირესობიდან - პავლე კუბლაშვილი.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, პარლამენტის მიერ ექვსი წევრის არჩევის საკითხში, უმრავლესობის პოზიცია უცვლელი რჩება, „ჩვენ ვენეციის კომისიის დასკვნების, რეკომენდაციების სრულად გათვალისწინებით ვაპირებთ ამ საკითხის გადაწყვეტას, ეს საკითხი რეგლამენტის დონეზე მოგვარდება თუ კანონში ცვლილების დონეზე ეს ტექნიკური საკითხებია, რომლებიც მარტივად გადაწყდება. ეს უკვე პროცედურული საკითხია და პარლამენტი, უმრავლესობა ამ თვალსაზრისით იქნება მოქნილი, მთავარია შინაარსი მივიღოთ ის, რომელიც სჭირდება საქართველოს, იმისთვის, რომ მივიღოთ დამოუკიდებელი მართლმსაჯულება და არავითარ შემთხვევაში არ გაჩნდეს ეჭვი იმის თაობაზე, რომ ჩვენ ვცდილობთ სააკაშვილის სასამართლოები ვაქციოთ ქართული ოცნების სასამართლოებად“.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბარი შედგა პრემიერ-მინისტრსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შორის, რომელიც ბრიუსელში იმყოფება. დადასტურდა, რომ მიღწეული შეთანხმება სასამართლოს თავმჯდომარესა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ძალაშია და შესაბამისად იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტებისა და იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებული ყველა ის საკითხი, რაც შეეხება მოსამართლეთა კონფერენციას, დღეს არსებული წევრების უფლებამოსილების საკითხებს თუ ყველა სხვა თემას, ეს შეთანხმება ძალაშია, ის ასახულია კანონპროექტის არსებულ ვარიანტში, რომელიც სრულად ეხმიანება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და უმრავლესობა ამ შეთანხმებას ბოლომდე მიიყვანს. პარლამენტის თვმჯდომარე ჟურნალისტებთან საუბრისას, პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო კანონზე ხელმოწერის ფაქტსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ხვალ კანონპროექტი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება, რაც იმის დასტურია, რომ ამიერიდან ვერავინ არჩევნების გარეშე პარლამენტისა და მთავრობის დათხოვნას ვეღარ შეძლებს.

Last Updated on Wednesday, 27 March 2013 16:41
 
modules