ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან
Wednesday, 27 March 2013 17:11

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე დღეს პარლამენტში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მოწვეულ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის იყვნენ: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ციხის საერთაშორისო რეფორმა, "კონსტიტუციის 42 -ე მუხლი", ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის, საზოგადოებრივი დამცველი, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი და ახალგაზრდა ადვოკატები. კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განმარტებით, მას შემდეგ, რაც პარლამენტის რეგლამენტში შესაბამისი ცვლილება შევა, კომიტეტში შეიქმნება საკონსულტაციო-სათათბირო საბჭო, რომელიც კომიტეტს უფლებადამცველებთან მჭიდრო ურთიერთობის და პრობლემური საკითხებზე ერთობლივად მსჯელობის საშუალებას მისცემს. „ჩვენი კომიტეტი მჭიდროდ უნდა თანამშრომლობდეს სამოქალაქო საზოგადოებასთან. ჩვენ აქტიურად უნდა ვიმუშაოთ ისეთ პრიორიტეტებზე, როგორიცაა გენდერული საკითხები, ბავშვთა უფლებები, ეროვნული უმცირესობების უფლებები. იმის გამო, რომ წლების განმავლობაში ადამიანების უფლებები უხეშად ირღვეოდა, დღეს ისინი ჩვენგან აღნიშნულ დარღვევებზე დროულ რეაგირებას ითხოვენ“,- აღნიშნა ეკა ბესელიამ. სწორედ ამიტომ კომიტეტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ დროულად უნდა მოხდეს კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ეკა ბესელიას განცხადებით, 6 თვის შემდეგ კომიტეტი წარმოადგენს დეტალურ ანგარიშს, თუ როგორი ინტენსივობით იმუშავებს კომიტეტი ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე რეაგირების თვალსაზრისით. მისივე თქმით, კომიტეტმა უკვე დაიწყო მუშაობა ახალი სამართლებრივი მექანიზმის შესამუშავებლად, რომელიც სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გადახედვას გულისხმობს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თავიანთი მოსაზრებები წარმოადგინეს პატიმრობის კოდექსში შესატან ცვლილებებთან, პენიტენციური სისტემის დაწესებულებებზე საზოგადოებრივ მონიტორინგთან და პრობაციის შესახებ კანონთან დაკავშირებით. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს სისხლის სამართლის კოდექსსა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ. 
როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია უახლოეს დღეებში ციხეების მონახულებას გეგმავს.

Last Updated on Wednesday, 27 March 2013 18:57
 
modules