|
საქართველო–თურქეთის ურთიერთობის ყველა მიმართულება განიხილეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ დღეს გამართულ შეხვედრაზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიეთობა სწორი გზით ვითარდება, მხოლოდ ინვესტიციების მოცულობის და ტემპების გაზრდაა საჭირო.
სტუმარმა აღნიშნა, რომ ჩვენი თანამშრომლობის განვითარებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს ჯეიჰანის, ყარსის და ერზრუმის პროექტები, მისი განცხადებით ხვალ გაიმართება სამმხრივი შეხვედრა საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებს შორის, სადაც ეს საკითხები კიდევ უფრო დეტალურად განიხილება.  მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა ურთიერთობის გართულების, თვალსაზრისით არანაირ გავლენას არ ახდენს, პირიქით, საქართველოს ახალი ხელისუფლება ახალი ენთუზიაზმით შეუდგა ნაცად მეგობართან და სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობას. საუბარი შეეხო ასევე ქართული კულტურის ძეგლების აღდგენის საკითხს და ითქვა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც ორივე სახელმწიფო პატივს სცემს ერთმანეთის მოქალაქეების უფლებას, მათ თავისუფლებებს, მათ შორის რელიგიურ უფლებებს და თავისუფლებებს, ცნობილია რომ პრაქტიკულად მიღებულია გადაწყვეტილება ორი ძეგლის აღდგენის სამუშაოების დაწყებაზე, ასევე ბათუმში მეჩეთის აღდგენის თაობაზე. „შევთანხმდით იმაზე, რომ ჩვენი ურთიერთობის ყველა მიმართულებით – ეკონომიკური, კულტურული, სამხედრო, პოლიტიკური თანამშრომლობის კუთხით, ჩვენ ვართ სწორ გზაზე, მხოლოდ ტემპების და მოცულობის გაზრდაა საჭირო ინვესტიციებში, ეკონომიკაში. შევთანხმდით იმაზეც, რომ საქართველო დიდად აფასებს თურქეთის პოლიტიკას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურღვევობიასთან დაკავშირებით, ჩვენს მცდელობას ევროინტეგრაციულ პროცესებში, ევროპასთან ეკონომიკური ურთიერთობის დამყარებაში. ასევე თურქეთის მცდელობას, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ნატოს წევრი და ამასთან დაკავშირებით ბატონმა მინისტრმა სხვა ევროპელ მინისტრებთან ერთად ცოტა ხნის წინ სპეციალური განცხადებაც გააკეთა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. დელეგაციაში იმყოფებოდნენ თურქეთის მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლები, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრები. საქართველოს მხრიდან შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე, პარლამენტის წევრები გუბაზ სანიკიძე, ირაკლი ჩიქოვანი, აკაკი მინაშვილი. „მოხარული ვარ, რომ ყველა პარტია, როგორც საქართველოს პარლამენტში, ასევე თურქეთის პარლამენტში მომხრეა ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებისა, რადგან პარლამენტის როლი ქვეყნის ცხოვრებაში არის გადამწყვეტი“, განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აჰმეთ დავუთოღლუმ. |