| სხდომის ოქმი #14 |
|
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომის /სხდომა ჩატარდა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან ერთად / 19 მარტი 2013წ. ქ. ქუთაისი 1100 საათი / საკომიტეტო მოსმენის დარბაზი #307/
სხდომის თავმჯდომარე: ერეკლე ტრიპოლსკი (კომიტეტის თავმჯდომარე)
სხდომის მდივანი: ბელა ქველაძე
სხდომას ესწრებოდნენ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრები: ერეკლე ტრიპოლსკი (კომიტეტის თავმჯდომარე), გია ჟორჟოლიანის ადგილმონაცვლე გია გაჩეჩილაძე (თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ალი მამედოვის ადგილმონაცვლე პაატა ბარათაშვილი(თავმჯდომარის მოადგილე), გია თევდორაძის ადგილმონაცვლე მიხეილ მაჭავარიანი როსტომ ხალვაში, დავით ბერძენიშვილი, სერგო ხაბულიანი, სერგო რატიანი, ანზორ ბოლქვაძის ადგილმონაცვლე დავით ჭავჭანიძე, ზვიად ძიძიგური, რუსლან პოღოსიანის ადგილმონაცვლე კარლო კოპალიანი; სხდომას საპატიო მიზეზით არ ესწრებოდა კომიტეტის წევრი: დავით ბეჟუაშვილი; ირმა ნადირაშვილი, თამაზ ჯაფარიძე, რამაზ ნიკოლაიშვილი;რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის აპარატის თანამშრომლები: სულიკო ბეჟანიძე, აპარატის უფროსის მ/შ, რაფიელ გელანტია, რამაზ ხიზანიშვილი, ნინო ქავთარაძე, ხათუნა ხვიჩია, გვანცა დოლიშვილი, ბელა ქველაძე, მოწვეული სტუმარი : შალვა ამირეჯიბი - გარემოს დაცის მინისტრის მოადგილე ერთობლივი კომიტეტის სხდომას აგრეთვე ესწრებოდნენ: გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრები, აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. ერთობლივ სხდომას უძღვებოდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გია ცაგარეიშვილი, მან კომიტეტების წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საერთო საკითხი: 1.საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი (#7566; 01.03.2013) საქართველოს კანონის პროექტი ,,ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/44, 04.03.13) (პირველი მოსმენა) სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა. კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი. დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს: საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ შლვა ამირეჯიბმა პირველი მოსმენით წარმოადგინა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კანონპროექტის ძირითადი მიზანია ჯავახეთის დაცული ტერიტორიების საზღვრების საბოლოო დაზუსტება და კანონში დემარკაციის შედეგების ასახვა, მან აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ 2003 წელს გერმანულმა საკონსულტაციო კომპანიამ შეისწავლა ჯავახეთის ტერიტორიები და მოგვცა რეკომენდაცია, რომ 20 000 ჰა -ზე შესაძლებელი იყო გაკეთებულიყო დაცული ტერიტორიები. 2006 წელს გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა გამოყო 2 მილიონ 250 ათასი ევრო იმისათვის, რომ ამ ტერიტორიებზე შექმნილიყო დაცული ტერიტორიები და განხორციელებულიყო სოციალური პროექტები ადგილობრივი მოსახლეობისთვის. საბოლოოდ 2011 წელს მიღებული იქნა საქართველოს კანონი ,,ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ 2012 წელს კი უკვე დაიწყო დემარკაცია დაცული ტერიტორიის საზღვრებისა იმისათვის, რომ საბოლოოდ დადგენილიყო ეროვნული პარკისა და ასევე აღკვეთილობის საბოლოო ტერიტორიები, რის შემდეგაც ბევრი ნაკვეთი აღმოჩნდა კერძო საკუთრებაში მიწის რეფორმის განხორციელების შემდგომ. გამომდინარე აქედან საჭირო გახდა დაცული ტერიტორიების საზღვრების ცვლილება, რომელსაც ასახავს წარმოდგენილი კანონპროექტი, რომლის თანახმადაც მოხდა ტერიტორიის ჩანაცვლება. კერძოდ 17,5 ჰა ფართობი ამოირიცხული იქნა ჯავახეთის ეროვნული პარკიდან და მის ნაცვლად ჩაირიცხა 17,9 ჰა. აღნიშნული ფართობების ჩანაცვლება გამოწვეულია მარაბდა-კარწახის სარკინიგზო ხაზის მშენებლობით. ამასთან პროექტით განისაზღვრა იმ სოფლების ჩამონათვალი, რომლებიც წარმოადგენდნენ ჯავახეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიას, სადაც გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მიერ გამოყოფილი გრანტიდან ადგილობრივი მოსახლეობისთვის განსაზღვრულია გარკვეული სოციალური პროექტების განხორციელება. ასევე კანონიდან ხდება ზოგიერთი კანონქვემდებარე აქტის გამოცემის ვალდებულების ამოღება. კერძოდ, ,,ჯავახეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მართვის, მოქმედებათა კოორდინაციისა და ამ ტერიტორიაზე დაშვებული საქმიანობის შესახებ“ განვითარების სპეციალური პროგრამის დამტკიცების თობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებისა და ,,ჯავახეთის დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე“ გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანების. ასევე მარაბდა-კარწახის რკინიგზის პროექტს გაუჩნდა საჭიროება დამატებითი ტერიტორიების (13,2 ჰა) კემპინგის მშენებლობისთვის, მაგრამ ეკონომიკის სამინისტრომ მიერ გამოითქვა შენიშვნა, რომ წარმოდენილ კანონპროექტში შევიტანოთ ცვლილება, რათა აღნიშნული ფართობი დროებით სარგებლობაში გადაეცეს პროექტს. წარმოდგენილ ვარიანტში არ არის ასახული ეს შენიშვნა, მაგრამ ვითვალისწინებთ და პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენისას ასახული იქნება. აზრი გამოთქვეს: კარლო კოპალიანი წარმოდგენილი ცვლილებით ხომ შეექმნება საფრთხე ადგილობრივ მოსახლეობას კერძო საკუთრებაში არსებული მიწების ჩამორთმევის და ასეთ შემთხვევაში თუ არის გათვალისწინებული კომპესაციები? შალვა ამირეჯიბი რათქმა უნდა არა, პირიქით თვითონ დემარკაციის პროცესი სწორედ იმას ითვალისწინებს, რომ განსაზღვრული იყოს თუ რა ტერიტორიებია კერძო საკუთრებაში, რომელიც მთლიანად უნდა ამოღებულ იყოს დაცული ტერიტორიების ფართობიდან. დავით ბერძენიშვილი: იქნებ მოგვაწოდოთ ინფორმაცია დაახლოებით რამდენი პროცენტით მცირდება დაცული ტერიტორიები? შალვა ამირეჯიბი: ამ ეტაპისთვის პროცენტულ მაჩვენებელს ვერ გეტყვით, მაგრამ შემიძლია ზუსტი ციფრები გითხრათ, რაც არის გათვალისწინებული დემარკაციის შემდეგ იმის გამო, რომ მიწების 1,15% გაყიდული იყო, ხოლო მშენებლობასთან დაკავშირებით ენაცვლება და ბრუნდება დროებით სარგებლობაში ანუ ენაცვლება უფრო მეტი 4000 კვ მ -ით მეტი შემოდის დაცული ტერიტორიების სისტემაში, ვიდრე გადის, ხოლო დროებით სარგებლობაში შეუძლიათ აიღონ 13, 2 ჰექტარი, რაც შემდეგ სამ წელიწადში უნდა დაბრუნდეს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების თავმჯდომარემ გია ცაგარეიშვილმა კომიტეტის წევრებს განუმარტა, რომ დემარკაციის შედეგად დადგინდა, რომ გარკვეული ნაწილი ტერიტორიებისა, რომელიც მოქცეულია დაცული ტერიტორიების საზღვრებში იყო გაყიდული მიწის რეფორმის შედეგად და აღრიცხული იყო დაცული ტერიტორიების ბალანსზე. დაზუსტების შედეგად ამ ტერიტორიებისგან, რომელიც ფუჭი იყო დაცული ტერიტორიებისთვის გადაეცათ მესაკუთრეებს და გამორიცხული იყო მათი საკუთრების უფლებები შეგველახა და ამით შემცირდა, მაგრამ რაც შეეხება სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ბევრად უფრო მეტი მიიღო დაცულმა ტერიტორიამ, ვიდრე ჩვენ გადავეცით ეხლა სარკინიგზო მშენებლობისთვის. და ის ნაწილი რომელიც დროებით გადაეცათ კემპინგის მშენებლობისთვის გია გაჩეჩილაძემ შეკითხვით მიმართა მომხსენებელს ჩანაცვლების შედეგად ეს ტერიტორიები ეროვნული პარკის რომელ მონაკვეთს ეკუთვნის მკაცრი დაცვის თუ ყოველმხრივი გამოყენების ზონას და რომელ ზონაში მიმდინარეობს კემპინგის მშენებლობა? შალვა ამირეჯიბი: აღნიშნა, რომ მშენებლობა მიმდინარეობს მკაცრი დაცვის ზონაში, სამწუხაროდ სხვა შესაძლებლობა არ იყო იმისათვის, რომ ეს პროექტი განხორციელებულიყო მაგრამ მინდა განვმარტო, რომ თავდაპირველად, როცა კანონი შეიქმნა უკვე განსაზღვრული იყო რომ ამ ტერიტორიაზე უნდა გაევლო მარაბდა-კარწახის რკინიგზას შესაბამისად ეს ტერიტორია, არ იყო შესული დაცული ტერიტორიების ფარგლებში. ამ მონაკვეთზე ასევე გათვალისწინებული იყო კემპინგის სასტუმრო კომპლექსის მშენებლობაც, რომელიც ხვდებოდა ეროვნული პარკის შუაში, ახალ ვარიანტში ეს კემპინგი ზუსტად არის დაცული ტერიტორიის საზღვარზე და არა შუაში, რაც გარკვეული სახის წინსვლაა ამ პროექტის განვითარების თვალსაზრისით. გადაწყვიტეს: (ერთხმად) კომიტეტი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტის ,,ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვას.
სხდომის თავმჯდომარე ერეკლე ტრიპოლსკი
სხდომის მდივანი ბელა ქველაძე |






