განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა
Monday, 01 April 2013 18:36

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა „პროფესიული თეატრების შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც სახელმწიფო პროფესიული თეატრების მართვის სისტემაში ახალი რეგულაციების შემოღებას ითვალისწინებს. 

კანონპროექტით, თეატრის მართვას განახორციელებს სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელიც თეატრის საერთო ხელმძღვანელი იქნება და შემოქმედებით საქმიანობაზე ძირითადი პასუხისმგებლობა მას დაეკისრება. პროექტით, თეატრის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციულ და ფინანსურ საქმიანობას დირექტორი წარმართავს. სამხატვრო ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშნავს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მასთან არსებული სარეკომენდაციო საბჭოს მიერ შერჩეულ კანდიდატთაგან, დირექტორს კი თანამდებობაზე თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი წარადგენს. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტის მიხედვით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხულ პირებს უფლება აქვთ გაიარონ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა დასაშვებია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება. აღნიშნული ცვლილება შეეხება აგრეთვე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში და პირებს, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
კანონპროექტით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე დასაშვებია მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი. ცვლილებების მიხედვით, მთავრობა გახდება უფლებამოსილი განსაზღვროს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა უმაღლესი განათლების დაფინანსების ოდენობა და პირობები საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე ან ნაცვალგების პრინციპით ან სპეციალური სახელმწიფო პროგრამით.
კანონპროექტის მიზანია ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხულ პირებს მიენიჭოთ უფლება გაიარონ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რაც ხელს შეუწყობს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ინტეგრაციას ქართულ საზოგადოებაში. კანონპროექტი მიზნად ისახავს ასევე დაკონკრეტდეს ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩასარიცხ პირთა კატეგორიები და მათთვის წაყენებული მოთხოვნები. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

Last Updated on Monday, 01 April 2013 18:39
 
modules