|

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აკრძალული მიმართულებიდან შესვლა პასუხისმგებლობას იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნულში მოიაზრება როგორც სისხლისსამართლებრივი ისე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ამას ითვალისწინებს კანონპროექტი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტები. ამავე პაკეტით განისაზღვრება, რომ კანონით აკრძალული მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის სპეციალურ თანხმობას გასცემს საქართველოს მთავრობა განკარგულებით. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ასეთი თანხმობა შეიძლება გაიცეს როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლამდე, ისე შესვლის შემდეგაც. კანონპრეოექტთა პაკეტი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს პირველი მოსმენით განსახილველად რეინტეგრაციის საკითხებში მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა წარუდგინა.
,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი’’ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის შესაბამისად, რომელიც კომიტეტმა დღეს პირველი მოსმენით განიხილა, გაიზრდება შუალედური არჩევნების გამართვის ვადა და სიხშირე, კერძოდ საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩეული წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, რაც მათი რაოდენობა სამს მიაღწევს ტარდება შუალედური არჩევნები ამ კანონით დადგენილი წესით უახლოეს თებერვალში, ივნისში ან ოქტომბერში. კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატების: ირინა იმერლიშვილის, სოსო ჯაჭვლიანისა და თამაზ ჯაფარიძის მოთხოვნით კანონპროექტი განიხილება დაჩქარებული წესით.
,,საქართველოს სამოქალაქო კოდექსში’’ ცვლილების შეტანის შესახებ’’ კანონპროექტი კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა. კანონპროექტის თანახმად დაუშვებელია არასამეწარმეო იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმის შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სამართლებრივი ფორმის შეცვლით ის გარდაიქმნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ვახტანგ ხმალაძემ კომიტეტის წინაშე დააყენა საკითხი იმის თაობაზე, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც მეორე მოსმენით უკვე განიხილა პარლამენტმა, საპარლამენტო ოპოზიციასა და უმრავლესობას შორის მოლაპარაკებებისა და ასევე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების შესაბამისად მესამე მოსმენიდან კვლავ მეორე მოსმენის რეჟიმში დაუბრუნდეს პლენარულ სხდომას. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს დღევანდელ სხდომაზე წარმოდგენილ საკითხებს. |