საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის სხდომა
ორშაბათი, 01 აპრილი 2013 18:46

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის საქართველოს კანონის დარღვევით ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის სანქციები იცვლება. მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანას გულისხმობს, დღეს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომაზე განიხილეს.

როგორც რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ქეთევან ციხელაშვილმა განმარტა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე პირველ ჯერზე უკანონოდ შესვლა სისხლის სამართლებრივი დანაშაული აღარ იქნება და დამრღვევს მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრება. პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში დადგება, თუ ამ ქმედებას იგი ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შემდეგ ჩაიდენს. დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, პირს შეიძლება შეეფარდოს ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე ვადით. კანონში უცვლელი რჩება ის პუნქტი, რომლის თანახმად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის სპეციალურ თანხმობას საქართველოს მთავრობა გასცემს. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, აკრძალული მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლისთვის პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება ის პირი, რომელიც საქართველოს მთავრობის სპეციალური თანხმობის გარეშე შევა აკრძალული მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე და შესვლის შემდეგ მიიღებს საქართველოს მთავრობის სპეციალურ თანხმობას. ციხელაშვილის თქმით, პროექტის მიზანია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისთვის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის ლიბერალიზაცია. 

კანონპროექტს უარყოფითად აფასებენ უმცირესობაში. შოთა მალაშხიას განცხადებით, ცვლილებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი მოსახლეობის მდგომარეობას არ გააუმჯობესებს. 

დღესვე, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტი, რომლის მიღების შემთხვევაში, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხულ პირებს უფლება ექნებათ გაიარონ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.
სხდომაზე განიხილეს „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტი, რომელიც დიპლომატიურ სამსახურში როტაციის წესით სამუშაო მივლინებასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გიორგი ხელაიას განმარტებით, კანონპროექტით ახლებურად განისაზღვრება კონკურსის წესით დასანიშნ თანამდებობაზე დროებით მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის წესი და ვადა. კერძოდ, დროებით მოვალეობის შემსრულებელი თანამდებობაზე დაინიშნება არა უმეტეს 6 თვის ვადით და ვაკანტურ ადგილზე დროებით მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ერთხელ.
ერთობლივ სხდომაზე განხილულ საკითხებს კომიტეტებმა და კომისიამ ცალ-ცალკე უყარეს კენჭი. მათი გადაწყვეტილებით, კანონპროექტები მზად არის პლენარულ სხდომაზე განსახილველად.

ბოლოს განახლდა სამშაბათი, 02 აპრილი 2013 15:44
 
modules