ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეხვედრა გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის პარლამენტის წევრთან, ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელისთან
სამშაბათი, 02 აპრილი 2013 17:21

საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები და სამომავლო გეგმები იყო დღეს კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიასა და გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის პარლამენტის წევრის, ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელისის შეხვედრის ძირითადი თემა.

ეკა ბესელიას განცხადებით, პირველი საკითხი, რაზეც კომიტეტმა ჩამოყალიბებისთანავე მუშაობა დაიწყო, პოლიტიკური პატიმრებისა და პოლიტიკური დევნილების გათავისუფლება და „ამნისტიის შესახებ“ კანონის მიღება იყო. მისივე თქმით, ეს იყო პარლამენტის ისტორიაში პირველი შემთხვევა, როდესაც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მუშაობის პროცესში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციით დადგენილი კრიტერიუმები გაითვალისწინა. „ამნისტიის შესახებ" კანონის მიღებით, 8000-ზე მეტი პატიმარი გათავისუფლდა, რომელთაც ახალი ცხოვრების დაწყების საშუალება მიეცათ“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ. მისივე ინფორმაციით, კომიტეტი მუშაობს პატიმრობის კოდექსში შესატან ცვლილებებზე, რომელიც გააუმჯობესებს პატიმრების პირობებს, გაზრდის პაემნების რაოდენობას, ასევე „შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე.

გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის პარლამენტის წევრი დაინტერესდა თუ როგორ ახერხებს საპარლამენტო უმრავლესობა კონსტრუქციულ ურთიერთობას ოპოზიციასთან. ეკა ბესელიას განმარტებით, უმრავლესობას, უმცირესობისგან განსხვავებული პოზიციის და მოსაზრებების მიუხედავად, ანგარიშსწორების გზა არ აურჩევია. „მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციაში ყოფნის დროს უკანონოდ გვექცეოდნენ, დღეს ვცდილობთ ვაჩვენოთ, თუ როგორ უნდა მოექცე პოლიტიკურ ოპონენტს“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელისის განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს ჰყავს პროფესიონალი, გამოცდილი კომიტეტის თავმჯდომარე. „ ბევრი რამ მსმენია თქვენს შესახებ. მივესალმები კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და მინდა აღვნიშნო, რომ დიდი განსხვავება იგრძნობა საქართველოს ძველსა და ამჟამინდელ სიტუაციას შორის“, - განაცხადა გერმანელმა სტუმარმა.

ბოლოს განახლდა სამშაბათი, 02 აპრილი 2013 17:41
 
modules