საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გაერთიანებული სხდომა
სამშაბათი, 02 აპრილი 2013 17:59

საპარლამენტო კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე პირველი მოსმენისთვის განიხილეს პარლამენტის წევრის, ვახტანგ ხმალაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“. 

პროექტის თანახმად, პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევნები საჭიროების შემთხვევაში იმართება სამ ტურად. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩეული კანდიდატები გამოვლინდებიან პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით. თუ კენჭისყრის პირველ ტურში ვერ შეივსო ყველა ვაკანსია, კენჭისყრის მომდევნო ტურებში არჩეული გამოვლინდება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ამასთან ასეთი კვორუმით არჩეულ წევრთა რაოდენობა ექვსიდან ოთხს არ უნდა აღემატებოდეს. საკანონმდებლო ინიციატორის ავტორმა, პარლამენტის წევრმა, ვახტანგ ხმალაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტის მიერ იუსტიციის საბჭოში ასარჩევი 6 წევრიდან, 2 წევრი აუცილებლად არჩეული უნდა იყოს პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით. წარმოდგენილი ცვლილებებით, პარლამენტის რეგლამენტი შესაბამისობაში მოდის ,,საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში განსახორციელებელ ცვლილებებთან.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

რეგლამენტში შესატანი ცვლილებების განხილვის შემდეგ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელიც დასაქმებულის უფლებების გაზრდის ფონზე დამსაქმებლისა და დასაქმებულის ინტერესების დარეგულირებას ითვალისწინებს. როგორც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა, კანონპროექტი ბევრ მნიშვნელოვან საკითხს ახლებურად არეგულირებს. მათ შორის, ისეთ საკითხებს როგორიცაა: შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები, შრომითი ხელშეკრულების ვადა, სამუშო დროის ხანგრძლივობა და ზეგანაკვეთური სამუშაო, კოლექტიური დავის განხილვა და გადაწყვეტა, დისკრიმინაციის აკრძალვა წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში და სხვა. ალექსანდრე ბარამიძემ აღნიშნა, რომ არსებული წესი დამსაქმებელს უფლებას აძლევს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე საკუთარი ინიციატივით შეწყვიტოს ხელშეკრულება დასაქმებულთან. ცვლილებების მიხედვით კი, განისაზღვრა ის გარემოებები, რომლებიც შეიძლება საფუძვლად დაედოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.
მოქმედი კანონის მიხედვით დადგენილია, რომ სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს კვირაში 41 საათზე მეტი, თუმცა კანონი იქვე ითვალისწინებს დათქმას იმის შესახებ, რომ შრომითი ხელშეკრულებით შესაძლებელია სხვა ხანგრძლივობის დადგენა, რაც ,,41 საათიანი სამუშაო კვირის ვალდებულებას“ უგულველყოფს. ცვლილებების მიხედვით, კვირაში სამუშო დრო არ უნდა აღემატებოდეს 40 საათს. შესაბამისად, უქმდება შრომითი ხელშეკრულებით განსხვავებული, უფრო ხანგრძლივი სამუშო კვირის დადგენის შესაძლებლობა. კანონპროექტის მიხედვით ასევე კონკრეტდება თუ რა შემთხვევაში იქნება შესაძლებელი შრომითი ხელშეკრულების დადება განსაზღვრული ვადით. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა, რომ პროექტის მომზადების პროცესში იუსტიციის სამინისტრო მჭიდროდ თანამშრომლობდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან. მისივე თქმით, კონსულტაციები ასევე მიმდინარეობდა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორის და პროფესიული კავშირების წარმომადგენლებთან.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. პროექტის თანახმად, ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ პირებს მოათავსებენ ცალ-ცალკე. ადმინისტრაცია ვალდებული იქნება მიიღოს ზომები ამ პირთა ერთმანეთთან ურთიერთობის დაუშვებლობის უზრუნველყოფის მიზნით. ეს წესი შეიძლება გავრცელდეს სხვა ბრალდებულებზეც გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს გადაწყვეტილებით.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას.

ბოლოს განახლდა სამშაბათი, 02 აპრილი 2013 18:29
 
modules