თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა
Tuesday, 02 April 2013 18:20

უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირების მიმართ, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესს დაარღვევენ, კანონმდებლობა უფრო სამართლიანი გახდება და სასჯელიც, შესაბამისად, უფრო პროპორციული იქნება. ამისათვის ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში შედის.

წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, რომლებიც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებს რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა გააცნო, პირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის პირველ შემთხვევაში დარღვევისათვის პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის სფეროდან ადმინისტრაციული სამართლის სფეროშია გადატანილი. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში დადგება, თუ კი პირი აღნიშნულ ქმედებას ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შემდეგ ჩაიდენს.
„ჩვენი მიზანია, რომ სასჯელი უფრო პროპორციული და სამართლიანი იყოს“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა. როგორც მან საპარლამენტო უმცირესობის წევრების მხრიდან გამოთქმული ბრალდების საპასუხოდ აღნიშნა, ეს ამავდროულად სულაც არ ხელყოფს ქვეყნის სუვერენიტეტს, ვინაიდან სახელმწიფოს დაცვა კონტროლის ეფექტური მექანიზმებით უფრო მიიღწევა, ვიდრე სასჯელის სიმკაცრით.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები დაეთანხმნენ კანონპროექტების ზოგად პრინციპებს და კანონპროექტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად გატანას მხარი დაუჭირეს.

Last Updated on Tuesday, 02 April 2013 18:22
 
modules