აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა
სამშაბათი, 02 აპრილი 2013 18:23

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა არასაკმარისად მომზადებულად მიიჩნია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი - „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტრამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გადასახადით დაბეგვრისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

კომიტეტის თავმჯდომარის გიგლა აგულაშვილის განმარტებით, აღნიშნული ცვლილების შეტანით, წარმოიქმნება ფიზიკურმა პირებმა გადასახადისგან გათავისუფლების მიზნით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დაანაწევრების საფრთხე. მისივე თქმით, მცირე ფართობებად მიწის დანაწევრება სოფლის მეურნეობის რეფორმის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. „ დღეს ჩვენ ვიღვწით, რომ მიწები გავაერთიანოთ, ხელი შევუწყოთ კოოპერატივების ჩამოყალიბებას და მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს მთელი ტერიტორიისთვის მივიღოთ“, -განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიწის რეფორმის გაუტარებლობის გამო შესაძლებელია შეღავათი მხოლოდ ამ რეგიონისთვის დაწესდეს. კომიტეტის სხდომაზე განიხილეს ასევე საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი, 2013 წლის 6 მარტს ხელმოწერილი „საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის ფინანსური შეთანხმების (სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტი) ((IFAD სესხი No. 802 – GE და გრანტი No. 1160 – GE) ცვლილება“ და საქართველოს პრეზიდენტის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი 2012 წლის 21 დეკემბერს ხელმოწერილი „საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ კონვენცია.

ბოლოს განახლდა სამშაბათი, 02 აპრილი 2013 19:30
 
modules