|
 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვის მინისტრს მოუსმინეს. ხათუნა გოგალაძემ კომიტეტის წევრებს სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის და სამომავლო ხედვების შესახებ ინფორმაცია გააცნო. შეხვედრის დასაწყისში მინისტრმა მადლობა გადაუხადა კომიტეტის წევრებს გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის საკანონმდებლო პაკეტის მიღებისთვის, რომელიც პარლამენტმა ერთი კვირის წინ დაამტკიცა.ხათუნა გოგალაძის განცხადებით, ფუნქციური და ინსტიტუციონალური გაძლიერების შემდეგ სამინისტროში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება. საკითხი შეეხება როგორც ცენტრალური აპარატის გაძლიერებას, ასევე სხვადასხვა დარგობრივი სამსახურების შექმნას, რომლებიც ერთიანი სტრატეგიის ფარგლებში სამინისტროს მუშაობას ბევრად უფრო პროდუქტიულს და შედეგიანს გახდის. მინისტრის ინფორმაციით, რეორგანიზაციის შემდეგ 600-ზე მეტი საშტატო ერთეულის დამატება იგეგმება, ასევე სამინისტროში გარემოს დაცვის კონტროლის სამსახური აღდგება, რომელიც გარემოს დაცვითი საქმიანობის მონიტორინგს და კონტროლს განახორციელებს. ხათუნა გოგალაძემ კომიტეტის წევრებთან კენიაში და გერმიანიაში გამართულ შეხვედრებზე ინფორმაცია მიაწოდა და განაცხადა, რომ აღნიშნულ ვიზიტების დროს არაერთი კარგი ინიციატივა დაიგეგმა, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობების გამყარებას და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პრაქტიკის შესწავლას ითვალისწინებს. კომიტეტის სხდომაზე მინისტრმა იმ ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე ისაუბრა, რომელსაც სამინისტრო საკანონმდებლო ორგანოს მიმდინარე წლის განმავლობაში წარუდგენს. კერძოდ კი „ნარჩენების შესახებ“, „ცოცხალი და გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“, „ტყის კოდექსი“, „წიაღის შესახებ“ და „წყლის შესახებ“ კანონპროექტები საქართველოს პარლამენტს ეტაპობრივად გადაეგზავნება. ხათუნა გოგალაძის ინფორმაციით, სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს უცხოელ ექსპერტ-სპეციალისტებთან, რომელთაც საინტერესო რეკომენდაციები და მოსაზრებები აქვთ. „ხუდონჰესის საკითხის შესასწავლად ერთ კვირაში საქართველოში ჰოლანდიელ ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვა, რომლებიც ადგილზე შეისწავლიან არსებულ სიტუაციას და შესაბამის დასკვნას მოამზადებენ“, - განაცხადა ხათუნა გოგალაძემ. გამოსვლის დასრულების შემდეგ მინისტრმა კომიტეტის წევრების შეკითხვებს უპასუხა და კონკრეტულ საკითხებზე სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდა.
კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, გარემოს დაცვის მინისტრმა ვრცელი და საინტერესო ინფორმაცია წარმოადგინა და მსგავსი შეხვედრები მომავალშიც არაერთხელ გაიმართება. „მუდმივი ურთიერთდამოკიდებულების მიზნით მინისტრს ვთავაზობ ყოველის სესიის ბოლოს მობრძანდეს პარლამენტში და მოგვაწოდოს ინფორმაცია გაწეული საქმიანობის შესახებ, სადაც ასევე ჩვენ მოსაზრებებსაც გავაცნობთ“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა. კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ კომიტეტსა და ქუთაისის 25-ე საჯარო სკოლას შორის გარემოს დაცვის საკითხებზე ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, მსგავსი მემორანდუმების გაფორმება საქართველოს სხვადასხვა სკოლებთანაც იგეგმება, სესიის დასრულებისას კი მოსწავლეებს პარლამენტში მოიწვევენ და მათ ერთი დღით პლენარულ სხდომათა დარბაზი დაეთმობათ. გარემოს დაცვის მინისტრის პარლამენტში ვიზიტი ქუთაისის 25-ე საჯარო სკოლაში გაგრძელდა, რომლის დროსაც გამწვანების აქციის „დარგე შენი მომავალი“ ფარგლებში, მინისტრმა, კომიტეტის წევრებმა და სკოლის მოსწავლეებმა სკოლის ეზოში სამინისტროდან ჩამოტანილი სხვადასხვა ხის ნარგავები დარგეს.
  
|