ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა
სამშაბათი, 02 აპრილი 2013 18:32

დამსაქმებლისა და დასაქმებულის ინტერესების დარეგულირებას და მათი დაბალანსების შედეგად ორივე მხარისათვის შესაბამისი შრომითი პირობების შექმნას ითვალისწინებს კანონპროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“, რომელიც პირველი მოსმენით განიხილა დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა. კანონპროექტით, რომელიც კომიტეტს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ წარუდგინა, იცვლება შრომითი ურთიერთობების მომწესრიგებელი მთელი რიგი საკითხები, კოდექსს ემატება ნორმა, რომლის თანახმადაც გამოსაცდელი ვადით მუშაობა აუცილებლად ანაზღაურებადი იქნება, რომლის ოდენობა და წესიც მხარეთა შორის შეთანხმდება.ზეგანაკვეთურ სამუშაოსთან და მის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ საკითხს, რეგულირდება ევროპის სოციალური ქარტიის თანახმად, ზეგანაკვეთური სამუშაოსათვის შესაბამისი ანაზღაურებისა ან სანაცვლოდ დასაქმებულისათვის დამატებითი დასვენების დროის მიცემის თაობაზე მოლაპარაკებას კანონი მხარეებს ანდობს. კანონპროექტი უზრუნველყოფს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დაბალანსებული ურთიერთმისაღები შრომითი ურთიერთობის ჩამოყალიბების საშუალებას. წარმოდგენილ კანონპროექტს კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კომიტეტს რეინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ქეთევან ციხელაშვილმა წარუდგინა. კანონით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აკრძალული მიმართულებიდან შესვლა პასუხისმგებლობას იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნულში მოიაზრება როგორც სისხლისსამართლებრივი ისე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, აკრძალული მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის სპეციალურ თანხმობას გასცემს საქართველოს მთავრობა განკარგულებით. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე ასეთი თანხმობა შეიძლება გაიცეს როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლამდე, ისე შესვლის შემდეგაც.
კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა საქართველოს პარლამენტის წევრის ზ. ჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.“ კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განმარტებით საქართველოს მთავრობა არ ეთანხმება ამ კანონპროექტთა მიღებას, რადგან ის საქართველოს ბიუჯეტში შემოსავლების კლებას გამოიწვევს. კომიტეტმა ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ მხარი არ დაუჭირა დოკუმენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა იმსჯელა იმ კანონპროექტების განხილვის პროცედურების გაგრძელების მიზანშეწონილობის საკითხზე, რომელთა განხილვაც წინა მოწვევის პარლამენტში იყო დაწყებული, ესენია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკანონმდებლო ინიციატივა „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და კანონპროექტთა პაკეტი: „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე,“ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე,“ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ,“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე.“ კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტთა განხილვის შეჩერებისა და გაწვევის საკითხს.

ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 03 აპრილი 2013 10:56
 
modules