|
ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა |
|
სამშაბათი, 02 აპრილი 2013 19:04 |
|

საქართველოს პრეზიდენტის მიერ პარლამენტში რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი რამდენიმე დოკუმენტი განიხილეს დღეს ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.
„საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს (IFAD) შორის ფინანსური შეთანხმების ცვლილება“, რომელსაც ამა წლის 6 მარტს მოეწერა ხელი, კანონმდებლებს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ებრალიძემ წარუდგინა. ამ ცვლილების შესაბამისად, საქართველოს დამატებით გამოეყოფა დაახლოებით 5 მლნ. აშშ დოლარის ოდენობის სესხი. სესხის ხანგრძლივობა 20 წელია, 10 წლიანი შეღავათიანი პერიოდით. საპროცენტო განაკვეთი - 0.75 %. პროექტის ხანგრძლივობაა 4 წელი. სესხი გათვალისწინებულია სოფლის მცირემასშტაბიანი ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის.
კანონმდებელთა აზრით, შეთანხმება მნიშვნელოვანია და მან ხელი უნდა შეუწყოს სოფლის მეურნეობის განვითარებას, რაც თავის მხრივ ფინანსურ-ეკონომიკური თვალსაზრისით ქვეყნისათვის დადებითი შედეგის მომტანი იქნება. დავით ებრალიძემ წარმოადგინა ასევე მეორე შეთანხმება „საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, შეთანხმება სტანდარტული ფორმისაა და ანალოგიური ხელშეკრულება საქართველოს მრავალ ქვეყანასთან აქვს გაფორმებული. ეკონომიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნათია მიქელაძემ კი განსახილველად წარმოადგინა 1960 წლის 13 დეკემბრის „ევროკონტროლის“ საერთაშორისო კონვენცია „საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებზე“ (შესწორებული 1970 წლის 6 ივლისის დამატებითი ოქმით, 1978 წლის 21 ნოემბრის ოქმით და 1981 წლის 12 თებერვლის ცვლილებების ოქმით); 1981 წლის 12 თებერვლის მრავალმხრივი შეთანხმება „მარშრუტზე მოძრაობის საფასურის შესახებ“; „1960 წლის 13 დეკემბრის „ევროკონტროლის“ საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებზე საერთაშორისო კონვენციის შესაბამისობაში მოსაყვანად შეტანილი ცვლილებების ოქმი“ (1997 წლის 27 ივნისი) და 1960 წლის 13 დეკემბერს გაფორმებული სხვადასხვაგვარად შესწორებული და 1997 წლის 27 ივნისის ოქმით კონსოლიდირებული საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებზე „ევროკონტროლის“ საერთაშორისო კონვენციაში ევროგაერთიანების შესვლის ოქმი„ (2002 წლის 8 ოქტომბერი). საქართველოს გაწევრიანება „ევროპის სააერნაოსნო უსაფრთხოების ორგანიზაციაში“ განაპირობა 2005 წელს მისმა გაწევრიანებამ ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციაში, რომლის წევრი ქვეყნების ტრანსპორტის მინისტრების გადაწყვეტილებით, აუცილებელია, რომ ყველა წევრი ქვეყანა ასევე გახდეს „ევროკონტროლის“ წევრიც.
როგორც ნათია მიქელაძემ აღნიშნა, „ევროკონტროლში გაწევრიანება საქართველოს მიანიჭებს ერთიანი საჰაერო სივრცის ჩამოყალიბებაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობებს. ქვეყანას ექნება თანაბარი უფლება ჩაერთოს საჰაერო მოძრაობის მართვის სისტემების განვითარების პროგრამებში. ორივე კომიტეტის წევრებმა წარმოდგენილი დოკუმენტების პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რატიფიცირებისათვის გატანას ერთხმად დაუჭირეს მხარი. ამის შემდეგ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა კანონპროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის თაობაზე“, რომელიც იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ წარადგინა. მისი თქმით, კანონპროექტს რამდენიმე თვის განმავლობაში ამზადებდნენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან კონსულტაციების საფუძველზე და დღეისათვის მეტნაკლებად ყველასთვის მისაღები კანონპროექტი შეიმუშავეს. კანონპროექტს საფუძვლად დაედო ის ძირითადი პრინციპები, რომლებიც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობის ახლებურად ჩამოყალიბებას უკავშირდება. საბოლოოდ კომიტეტის წევრებმა კანონპროექტის ზოგად პრინციპებს მხარი დაუჭირეს. |
|
ბოლოს განახლდა ოთხშაბათი, 03 აპრილი 2013 10:57 |