| სხდომის ოქმი #25 |
|
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გაერთიანებული სხდომის ოქმი N25 2 აპრილი 2013 წელი 11. საათი (დარბაზი N3 ) გაერთიანებული კომიტეტის სხდომას უძღვებოდა - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს შალვა შავგულიძე. გაერთიანებულ სხდომას ესწრებოდნენ: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე - ირინე იმერლიშვილი და კომიტეტის წევრები: ფრიდონ საყვარელიძე, დავით საყვარელიძე, ბიძინა გუჯაბიძე, მალხაზ ვახტანგაშვილი, ზურაბ ტყემალაძის ადგილმონაცვლე პაატა ბარათაშვილი, კარლო კოპალიანის ადგილმონაცვლე ზაქარია ქუცნაშვილი და ნინო გოგუძის ადგილმონაცვლე გედევან ფოფხაძე. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ვახტანგ ხმალაძე და კომიტეტის წევრები გაერთიანებულ სხდომას ესწრებოდნენ აგრეთვე: საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და მასმედიის წარმომადგენლები. გაერთიანებული სხდომის უფლებამოსილება განისაზღვრა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის 7 წევრის დასწრებითა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 8 წევრის დასწრებით
გაერთიანებული სხდომის დღის წესრიგი(პროექტი): საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ხმალაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტის განხილვა /მომხსენებელი: ვახტანგ ხმალაძე/ გაერთიანებული სხდომის დღის წესრიგის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები და მოსაზრებები არ გამოთქმულა
კომიტეტების წევრებმა ცალკ-ცალკე კენჭი უყარეს და ერთხმად დაამტკიცეს გაერტიანებული სხდომის დღის წესრიგი
გაერთიანებული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ხმალაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტის განხილვა
მოისმინეს: ვახტანგ ხმალაძის მოხსენება, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მომზადება განპირობებულია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებით და ამავე კანონით დადგენილი დებულებით, რომლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის, მათი განხილვისა და პარლამენტის პლენარული სხდომისთვის წარდგენის წესი და ვადა უნდა განისაზღვროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. შესაბამისად, წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის მიზანია „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებთან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 219-ე მუხლის შესაბამისობაში მოყვანა. კერძოდ, მასსი ასახული იქნება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები და განსაზღვრული აგრეთვე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის, მათი განხილვისა და პარლამენტის პლენარული სხდომისთვის წარდგენის წესი და ვადა. კონკრეტულად, ცვლილებების თანახმად: - საქართველოს პარლამენტი კონკურსის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 6 წევრს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ წევრს პარლამენტი აირჩევს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაბამისი წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არა უადრეს 30 კალენდარული დღისა და ამ ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, ხოლო მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში - უფლებამოსილების შეწყვეტის დღიდან არა უგვიანეს ერთი თვისა. თუ ეს ვადები მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა პარლამენტის არასასესიო პერიოდს, ამ პუნქტით არჩევნებისთვის განსაზღვრული ვადა შესაბამისი დროით გაგრძელდება; - საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე მეცნიერი იურისტებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისა ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, ამავე ორგანიზაციების კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოების რეკომენდაციების საფუძველზე. თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაცია უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს არა უმეტეს სამი კანდიდატურისა ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესითა და ვადაში. კანდიდატად არ შეიძლება საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის წარდგენა. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, იუსტიციის საბჭოს 6 წევრის არჩევა გაიმართება 3 ტურად და ამ 6 წევრიდან 2 წევრი მაინც არჩეული უნდა იყოს 2/3-ის უმრავლესობით. თუ კენჭისყრის სამივე ტურის შემდეგ დარჩა შეუვსებელი ვაკანსია, 70 კალენდარული დღის ვადაში გაიმართება ხელახალი არჩევნები. აზრი გამოთქვეს: ბიძინა გუჯაბიძემ აღნიშნა, რომ კანონპროექტის თანახმად, „თუ ეს ვადები მთლიანად ან ნაწილობრივ დაემთხვა პარლამენტის არასასესიო პერიოდს, ამ პუნქტით არჩევნებისთვის განსაზღვრული ვადა შესაბამისი დროით გაგრძელდება“. მიზანშეწონილი იქნება, რომ ეს „შესაბამისი დრო“ დაკონკრეტდეს. ზურაბ აბაშიძე დაინტერსდა: - არის თუ არა გათვალისწინებული იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატების სიტყვით გამოსვლა? - რა ხდება იმ შემთხვევაში თუ კანდიდატები დააგროვებენ თანაბარი რაოდენობის ხმებს? -„თუ კენჭისყრის სამივე ტურის შემდეგ დარჩა შეუვსებელი ვაკანსია, 70 კალენდარული დღის ვადაში გაიმართება ხელახალი არჩევნები“ - საიდან ამოვდივართ ამ 70 დღიან ვადასთან დაკავშირებით? ფრიდონ საყვარელიძემ მომხსენებელს დაუსვა შეკითხვა იმასთან დაკავშირებით არსებობს თუ არა მიახლოვებითი გათვლა იმის თაობაზე, თუ რამდენმა კანდიდატმა შეიძლება მოიყაროს თავი მთლიანობაში, წარმდგენი სუბიექტების სიმრავლიდან გამომდინარე? მისი გათვლით ეს შეიძლება აღმოჩნდეს 200 -ზე მეტი. ზაქარია ქუცნაშვილმა აღნიშნა, რომ კანდიდატების სიმრავლე შესაძლოა არაკომფორტული იყოს, მაგრამ მთავარი აქ არის პრინციპი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობა - იყოს ყველას უფლება და არა მხოლოდ პრივილეგირებული ფენის. პაატა ბარათაშვილი დაინტერესდა თუ დარჩენილ 2 წევრს შორის კენჭისყრის რამდენჯერმე გამეორების შემთხვევაში თანაბრად იყოფა ხმები, რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს პროცედურები? კობა დავითაშვილმა აღნიშნა, რომ მას პირადად არ ესმის ამ საკანონმდებლო ცვლილებების მიღების მიზანშეწონილობა. თან განიცდის უხერხულობას იმის გამო რომ ჯერ ორგანულ კანონში არ არის მიღებული ცვლილებები და კომიტეტი მსჯელობს რეგლამენტში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე. ერთადერთი აზრი ზოგადად ამ საკანონმდებლო ცვლილებების შესაძლოა ყოფილიყო პოლიტიკური მიზანშეწონილობის თემა ანუ უმცირესობა თუ დათანხმდებოდა ამ ცვლილებებს. იმ გარემოების გათვალისწინებით რომ უმცირესობისათვის ამ ცვლილებების არც ერთი ვარიანტი მისაღები არ არის, მაშინ პოლიტიკური მიზანშეწონილობის თემაც იხსნება. ამ შემთხვევასი ის პირადად როგორც უმრავლესობის წევრი ემორჩილება უმრავლესობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მაგრამ არ ეთანხმება. ზაქარია ქუცნაშვილი დაეთანხმა კობა დავითაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას უმცირესობის „დაჟინებულ“ პოზიციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არჩევის ამგვარი მაღალი კვორუმი იქნება საუკეთესო პრეცედენტი რათა შემდგომ უზენაესი სასამართლოს წევრების არჩევაც განხორციელდეს ამ წესით, რადგან სასამართლო ხელისუფლება არ არის გამარჯვებულთა ხელისუფლება, ეს არის ხელისუფლების პროფესიული ნაწილი რომელიც როგორც უმრავლესობის ისე უმცირესობის ხელისუფლებაა და არანაირად არ უნდა იყოს პოლიტიკური არჩევნების შედეგი. გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში კვორუმის გაზრდა ხელს უნდა უწყობდეს კონსენსუსს, აგრეთვე დაეთანხმა კობა დავითაშვილის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ორგანულ კანონში ცვლილებების განხორციელებამდე კომიტეტები მსჯელობენ რეგლამენტში განსახორციელებელ ცვლილებებზე, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის პროცედურებს შეეხება. კობა დავითაშვილმა დამატებით იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევის მაღალ კვორუმთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ის პირადად ხმას არ მისცემს ისეთ კანდიდატს, რომელიც დღევანდელ პარლამენტში მოაგროვებს ხმების 2/3-ს. რადგან მისი აზრით, ყველაზე მიუღებელი მისთვის არის ის, რომ ადამიანს არ გააჩნია პოზიცია. 2/3- ის მოგროვება კი ნიშნავს მისთვის იმას, რომ ამ კონკრეტულ კანდიდატს არ აქვს პოზიცია. ირინე იმერლიშვილმა აღნიშნა, რომ - „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის პირველი მუხლის თანახმად, ახლებურად ყალიბდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 219-ე მუხლი, რომლის მეორე პუნქტში აღნიშნულია, რომ „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე მეცნიერი იურისტებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისა ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან“, შესაბამისად მაგალითად, როგორც ადვოკატთა ასოციაციის, ასევე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ის კანდიდატი, რომელიც არ ეწევა სამეცნიერო მოღვაწეობას, მაშინ როდესაც იმავე მუხლის, მე-5 პუნქტში, რომელიც შეიცავს იმ საბუთების ჩამონათვალს, რომელიც უნდა წარადგინონ კანდიდატებმა სავალდებულო წარსადგენ დოკუმენტად გათვალისწინებულია „სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული შრომების ნუსხა“. აღნიშნულიდან გამომდინარე დასახელებული პუნქტების მოთხოვნები წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან და აუცილებელი იქნება ჩანაწერის დაზუსტება; -„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის მე-2 მუხლი შეიცავს გარდამავალი ხასიათის ნორმას, სადაც მითითებულია: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევა ამ რეგლამენტის 219-ე მუხლით დადგენილი პირობებით და წესით, იმავე მუხლის მე-6, მე-8 და მე-10 პუნქტების „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადებში.“ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 პუნქტის თანახმად, „ნორმატიული აქტი შეიძლება შეიცავდეს გარდამავალ დებულებებს, თუ განსაზღვრული ვადით დგინდება ძირითადისგან განსხვავებული ნორმები ან თუ ამ ნორმატიული აქტის სრულად ასამოქმედებლად გარკვეული პირობები და დროა საჭირო“. თუმცა რეგლამენტის პროექტის მე-2 მუხლში მითითებულია იმ ღონისძიებებზე, რომლებიც უნდა განხორციელდეს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედების შემდეგ, რაც თავისი შინაარსით „საერთო სასამართლოებოის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ნორმაა და არა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის“. ამ გარემოების გათვალისწინებით მიზანშეწონილი იქნება წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტიდან მე-2 მუხლის ამოღება; -ცვლილებების თანახმად - რეგლამენტის ამოქმედების ვადად გათვალისწინებულია მისი გამოქვეყნების თარიღი, თუმცა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში აღნიშნული ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა განაპირობა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განსახორციელებელმა ცვლილებებმა, რომელიც ცალკე საკანონმდებლო ინიციატივის სახით არის წარმოდგენილი. შესაბამისად, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტისა და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ რეგლამენტის პროექტის მიღების ვადები შესაძლოა ერთმანეთს არ დაემთხვეს. აქედან გამომდინარე მიზანშეწონილი იქნება „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი ამოქმედდეს არა გამოქვეყნებისთანავე, არამედ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის ამოქმედებასთან ერთად; ვახტანგ ხმალაძემ პასუხი გასცა სხდომაზე დასმულ შეკითხვებს და დაეთანხმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს კანონპროექტის მე-2 მუხლის ამოღებასთან დაკავშირებით, აგრეთვე ცვლილებების ამოქმედების ვადის შეცვლას და კანდიდატისათვის წარდგენილი სავალდებულო მოთხოვნების ნუსხის კორექტირებას საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წევრებმა კენჭი უყარეს გადაწყვეტილების პროექტს გადაწყვიტეს (ერთხმად): სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტს წარედგინოს დასკვნა საქართველოს პარლამენტის წევრის ვახტანგ ხმალაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ რეგლამენტის პროექტზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ /დასკვნა თან ერთვის/
კომიტეტის თავმჯდომარე
ირინე იმერლიშვილი
კომიტეტის აპარატის უფროსი მდინარა დოხნაძე
|






