პარლამენტის პლენარული სხდომა
ოთხშაბათი, 03 აპრილი 2013 21:13

პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ, დეპუტატებს ტრიბუნა რეგლამენტის თანახმად განცხადებებისთვის დაეთმოთ, რომლებიც სხვადასხვა საკითხს შეეხო.

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ქვეყანაში ახალი მთავრობის პირობებში ეკონომიკური აქტივობა შენელდა და მისი თქმით, ამის მაგალითია თუნდაც პირველ კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტის შეუსრულებლობა თითქმის 83 მლნ. ლარით.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის გიორგი გაბაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი ფაქტორი იმისა, რატომაც შეიძლება ეკონომიკაში შეფერხება იყოს, არის „პოლიტიკის წარმოება ვიღაცის ჯინაზე“ და ამის სამაგალითოდ მან რაბათის ციხე დაასახელა. მან ასევე მოუწოდა პარლამენტს საპარლამენტო კონტროლი გააძლიეროს შინაგან საქმეთა სამინისტროზე. მისი თქმით, შსს-მ თავის სისტემაში კანონიერი წესრიგი უნდა დაამყაროს.
ოპოზიციონერი დეპუტატების მხრიდან ქვეყანაში ეკონომიკური კუთხით განვითარებული მოვლენების შეფასებას გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია. მისი თქმით, ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ფაქტები არის რეალობა. „ჩვენ უარესობისკენ მივდიოდით და ახლა უკეთესობისკენ მივდივართ, ამას ძალიან კარგად ხედავს ყველა, ვისაც ეს უშუალოდ უნდა შეეხოს“, - განაცხადა მან.
ეკა ბესელიას შეფასებით, რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებით განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს, ამან მიზანმიმართული ხასიათი შეიძინა და ერთგვარ კამპანიას დაემსგავსა. მისი თქმით, ყველა ფაქტი, რაც კი არჩევნების შემდეგ დღემდე მოხდა, რეაგირებულია, განსხვავებით იმ პერიოდისაგან, როდესაც ოჯახები და ნათესავები მართავნდენ ქვეყანას და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
"შეგახსენებთ, რომ ასეთი ოჯახის წევრები თქვენს რიგებში დღესაც არიან. გენერალურმა ინსპექციამ რამდენიმე პოლიციელზე უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რეაგირების გარეშე მინისტრს არც ერთი ფაქტი არ დაუტოვებია, და სხვათაშორის, არც ბოლო ფაქტი, რაც არასოდეს მომხდარა, როდესაც მერაბიშვილი მინისტრი იყო, როდესაც მერაბიშვილის ნათესავები ქვეყანას მართავდნენ და დღესაც, მისი ოჯახის წევრები არიან ყველა უწყებაში დასაქმებულები", - აღნიშნა ეკა ბესელიამ. მისივე თქმით, ბუნებრივია საპარლამენტო კონტროლი უფლებამოსილების ფარგლებში აუცილებლად განხორციელდება.
ქვეყნის ეკონომიკაში მდგომარეობა მთლიანობაში ნორმალურად შეაფასა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით ონოფრიშვილმაც. მისი თქმით, ასეთი ტენდენცია საქართველოს ეკონომიკაში დღემდე საერთოდ არ ყოფილა. ექსპორტი გაიზარდა, სავაჭრო სალდო მთლიანობაში გაუმჯობესებულია. როგორც დავით ონოფრიშვილმა აღნიშნა, მთავრობა ყველაფერს აკეთებს დაპირებების განსახორციელებლად, ეხება ეს პენსიებს, დახმარებებს თუ სხვა.
ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს, მმართველი პარტიის მხრიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე სავარაუდო ზემოქმედების ფაქტებთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი გამოეხმაურა და უმცირესობის წევრებს პირად მაგალითზე საპირისპირო ფაქტები შეახსენა.
„როცა ზეწოლაზეა საუბარი, გაიხსენეთ თქვენი ნამოქმედარი ჩემს მიმართ 2009 წლის მარტში. ზეწოლის კლასიკური მაგალითები იყო 26 მაისს პარლამენტის წევრის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები და მრავალი სხვა. ამომრჩეველს ამნეზია არ ჭირს და ყველას კარგად ახსოვს, თუ ვინ რას აკეთებდა გუშინ და გუშინწინ“, - განაცხადა კარლო კოპალიანმა.
ახალციხის მაჟორიტარი დეპუტატი საპარლამენტო ოპოზიციიდან ვაჟა ჩიტაშვილი თავისი განცხადებით შეეცადა მთავრობის ყურადღება სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებული პრობლემებისადმი მიეპყრო.
პარლამენტის წევრმა პაატა ბარათაშვილმა კოლეგებს შეახსენა, რომ დამდეგი 9 აპრილი, რომელიც ხსოვნის დღეა, იმავდროულად არის საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეც და ამ თარიღის სათანადოდ აღნიშვნისაკენ მოუწოდა.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა, ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი აქცია მიმდინარებს, რომელიც ჟურნალისტებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად დაიწყეს. მისი თქმით, სამწუხაროდ, ცხრა წლის განმავლობაში წინა ხელისუფლებამ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ვერც ერთი ქმედითი ნაბიჯი ვერ გადადგა, არსებობდა კერძო ფონდი, რომელიც მისი დამფინანსებლის გარდაცვალების შემდეგ გაუქმდა და შესაბამისად, პრობლემა პრობლემად დარჩა.
თინა ხიდაშელის ინფორმაციით, ახალმა ხელისუფლებამ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის მიზნით მნიშვნელოვანი ღონისძიებები დაგეგმა, თუმცა მათი განხორციელება მხოლოდ ზაფხულიდან გახდება შესაძლებელი. მან მოუწოდა ყველას, სანამ სახელმწიფო ამ პრობლემის მოგვარებაში ქმედითად ჩაერთვება, შეეწივნენ ფონდს და ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინონ.
როგორც თინა ხიდაშელმა განაცხადა, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად შექმნილ ფონდში პირადად ერთი თვის ხელფასს ჩარიცხავს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით ლორთქიფანიძის განცხადება 2011 წლის 26 მაისის მოვლენებს და ამ დღეს გარდაცვლილი ადამიანების მიმართ საქართელოს პრეზიდენტის შეფასებას დაუკავშირდა.
"რამდენიმე დღის წინ მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განცხადება გააკეთა 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ სულიკო ასათიანი და ნიკა კვინტრაძე სახურავზე აღმოაჩინეს და რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. მინდა საააკშვილის და "ნაციონალური მოძრაობის" გასაგონად განვაცხადო - მე პირადად გახლდით ბატონი სულიკოს დაკრძალვაზე და ჩემი თვალით ვნახე მისი გაუბედურებული სხეული, რომელსაც აშკარად შეენიშნებოდა წამების ნიშნები“, - განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ და მთავარ პროკურატურას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების დაჩქარებისკენ მოუწოდა, რადგან დეპუტატის განმარტებით, გარდაცვლილის ოჯახზე ზემოქმედებას დღემდე აქვს ადგილი. დეპუტატის თქმით, ოჯახი სიმართლის დასადგენად გვამის ექსგუმაციისთვისაც მზადაა.
განცხადებების შემდეგ პარლამენტმა საკანონმდებლო საქმიანობა გააგრძელა.
პარლამენტმა იმსჯელა და ერთხმად დაუჭირა მხარი მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ორგანული კანონის პროექტის და მისი თანმდევი კანონპროექტების მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის დაბრუნების საკითხს.
როგორც თავის გამოსვლაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის თაობაზე საპარლამენტო უმცირესობასთან გამართული კონსულტაციების შედეგად შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა პროექტი ვენეციის კომისიის რეკომენდაციებისათვის უფრო მეტად დაეახლოვებინა და სწორედ ამ მიზნით კომიტეტმა კანონპროექტის მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენაზე დაბრუნებას მხარი დაუჭირა.
პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა პარლამენტის წევრების ირინე იმერლიშვილის, იოსებ ჯაჭვლიანის და თამაზ ჯაფარიძის საკანონმდებლო ინიციატივა - „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ ორგანული კანონის პროექტი. ირინე იმერლიშვილის განცხადებით, კანონპროექტის მიღება საკრებულოს მაჟორიტარული წესით არჩეული წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში შუალედური არჩევნების დამატებითი ვადების დაწესების აუცილებლობით არის განპირობებული.
პირველი მოსმენით განიხილეს ასევე კანონპროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, მეორე მოსმენით - კანონპროექტები: „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდს შორის ფინანსური შეთანხმების (სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროექტი) ცვლილების“ რატიფიცირების თაობაზე“.
პარლამენტმა მუხლობრივად განიხილა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს. კანონპროექტით დგინდება დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის წესი, რომლის თანახმადაც დანაშაულთა ერთობლიობისას საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო რეციდივის შემთხვევაში უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს ანდა ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა შეფასებით, წარმოდგენილი კანონპროექტი სამართლიანი, სწორი და საზოგადოებისათვის ღირებული გადაწყვეტილებაა. კანონმდებლებმა პარალელურად ასევე მეორე მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლითაც ის ვადა განისაზღვრება, რა დროშიც შესაძლებელი ხდება დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნის წესის შეცვლასთან დაკავშირებით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვა.
პარლამენტმა მეორე მომენით განიხილა მესამე მოსმენიდან მეორე მოსმენით განხილვისათვის დაბრუნებული კანონპროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, რომლითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების წესი რეგულირდება. კანონპროექტი მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს. როგორც ვახტანგ ხმალაძემ განაცხადა, იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების შემოთავაზებული წესი გაცილებით უკეთესია იმაზე, რაც თავიდან იყო წარმოდგენილი. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური სუბიექტები ვეღარ აირჩევენ თავიანთ წარმომადგენლებს იუსტიციის საბჭოში, პრეზიდენტი ვეღარ დანიშნავს თავის ორ წევრს, პარლამენტი თავისი რიგებიდან ვეღარ აირჩევს იუსტიციის საბჭოს წევრებს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ავტომატურად ვეღარ შევა იუსტიციის საბჭოში, არჩევნები ჩატარდება ფარული კენჭისყრით და ა. შ. რამაც ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბებას. ვახტანგ ხმალაძემ აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, კომიტეტი მხარს უჭერს წარმოდგენილ კანონპროექტს. საპარლამენტო უმცირესობის წევრების მოსაზრებებს იმის თაობაზე, რომ ეს კანონპროექტი საფრთხის შემცველია და მან შეიძლება ქვეყანა სამართლიანი სასამართლოს მიზანს დააშოროს, კატეგორიულად არ იზიარებენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები.
სხდომის დასასრულს პარლამენტის წევრებმა კენჭი უყარეს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განხილულ საკითხებს.
პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომა ხვალ, 4 აპრილს 16 საათზე გაიმართება.

 
ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 04 აპრილი 2013 10:46
 
modules