|
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ზვიად ძიძიგურის ბრიფინგი პარლამენტის შენობის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით |
|
ხუთშაბათი, 04 აპრილი 2013 13:06 |
|
 თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობაში დარბაზების რეკონსტრუქციაზე პარლამენტი ტენდერს აცხადებს. შენობის სარემონტო სამუშაოებს კი შპს "ორნამენტი" განახორციელებს. ამის შესახებ განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა. "საქართველოს პარლამენტის აპარატმა ამა წლის იანვარში გამოაცხადა ტენდერი თბილისში, პარლამენტის შენობაში სარემონტო სამუშაოების დაწყებაზე. ტენდერში მონაწილეობა მიიღო 21-მა ორგანიზაციამ. ამათგან სატენდერო კომისიამ გამარჯვებულად შპს "ორნამენტი" გამოავლინა. ამ კომპანიამ რამდენიმე დღეში უნდა დაიწყოს პარლამენტის შენობაში სარემონტო სამუშაოები. ცხადდება ტენდერი დარბაზების რეკონსტრუქციის საკითხზე. სატენდერო პირობები უკვე შედგენილია და მინდა მოვუწოდო ყველას, რომ მიიღონ მონაწილეობა" - განაცხადა ძიძიგურმა.
სხდომათა დარბაზის, პირველი რესპუბლიკის სახელობის, ჭავჭავაძის სახელობის დარბაზებისა და კინოდარბაზის რეკონსტრუქციისათვის სატენდეროდ 5 მილიონი ლარია გამოყოფილი. ზვიად ძიძიგურის განცხადებით, უნდა დაიმსხვრეს ის მახინჯი პრაქტიკა, როდესაც ტენდერებში წინასწარ შეთანხმებით იმარჯვებდნენ ხოლმე ესა თუ ის ფორმები და ორგანიზაციები. რაც შეეხება პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას, ეს საკითხი ჯერ არ დამდგარა პლენარული სხდომის დღის წესრიგში, მაგრამ ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ის უახლოესი კვირეების განმავლობაში გავა, „ეს არის პოლიტიკური ნაწილი, მაგრამ იმის მიუხედავად, თუ როდის გავა საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხი ქუთაისი- თბილისთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობა რუსთაველის 8 ნომერში არის პარლამენტის ბალანსზე და მისი გარემონტების სრული იურიდიული და სამართლებრივი საფუძველი გაგვაჩნია“. როგორც ამავე ბრიფინგზე პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილემ შოთა გოშაძემ განაცხადა, სატენდერო პირობები პარლამენტის ვებგვერდზე ინგლისურ ენაზეც გამოქვეყნდება, რათა უცხოურ ფირმებსა და კომპანიებსაც მიეცეს მონაწილეობის მიღების საშუალება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 5 მლნ. ლარი გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტის 2013 წლის ბიუჯეტში, შესყიდვის ვადად კი განსაზღვრულია 150 კალენდარული დღე. გათვალისწინებულია ასევე საავანსო თანხა აპარატურის შესაძენად. |
|
ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 04 აპრილი 2013 14:00 |