საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა
ხუთშაბათი, 04 აპრილი 2013 16:03

შრომის კანონმდებლობის გაუმჯებესებაზე მუშაობის დაწყება ახალარჩეული მთავრობის ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილება იყო და რამდენიმე თვიანი მუშაობის შედეგს - „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ ორგანული კანონის პროექტს საქართველოს პარლამენტში დღეს უკვე იხილავენ.

კანონპროექტის ზოგად პრინციპებზე საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე იმსჯელეს. კანონპროექტის წარდგენისას, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ დეტალურად ისაუბრა იმ წინაპირობებზე, რაც კანონპროექტის შემუშავებას წინ უძღოდა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ კანონპროექტის შემუშავებისას გონივრული ბალანსი დაეცვა. მისი თქმით, ხუთი თვის განმავლობაში მრავალი შეხვედრა გაიმართა როგორც ბიზნესწრეების, ასევე დამსაქმებელთა ასოციაციის, პროფკავშირების, სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და მეტ-ნაკლებად მისაღები პროექტი შეიმუშავეს. ყოველ შემთხვევაში, როგორც ალექსანდრე ბარამიძემ აღნიშნა, ამ დებატებსა და დისკუსიებს აქამდე სერიოზული პოლიტიკური ძვრები არ მოჰყოლია.
მომხსენებლის განცხადებით, შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანა როგორც საქართველოში შრომითი ურთიერთობების დაბალანსებული დარეგულირების და დასაქმებულის სამართლებრივი გარანტიების გაზრდის, ასევე საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობამ განაპირობა.
ალექსანდრე ბარამიძემ აღნიშნა, რომ მოქმედი კოდექსი ვერ უზრუნველყოფდა დასაქმებულის სათანადო სამართლებრივ დაცვას და იწვევდა როგორც საქართველოს მოქალაქეების და სამოქალაქო საზოგადოების სამართლიან პროტესტს, ასევე წარმოადგენდა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან დასაბუთებული კრიტიკის საფძველს.
ამის შემდეგ მომხსენებელმა დეპუტატთა ყურადღება პრინციპების დონეზე ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს მიაპყრო. კანონპროექტით იცვლება შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელი შემდეგი საკითხები: დისკრიმინაციის აკრძალვა წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, შრომითი ხელშეკრულების ფორმა და ვადები, ზეგანაკვეთურ შრომასთან დაკავშირებული საკითხი და ა. შ. ალექსანდრე ბარამიძის განმარტებით, ხელშეკრულების შეწყვეტა ის მნიშვნელოვანი თემაა, რომელიც მოქმედ კანონმდებლობაში სამართლიან კრიტიკას იმსახურებდა და ეს საკითხი წარმოდგენილი პროექტით მნიშვნელოვნად შეიცვალა. როგორც ალექსანდრე ბარამიძემ განაცხადა, მოქმედი შრომითი კანონმდებლობა იმდენად უსამართლოა დასაქმებულთა მიმართ, რომ თუ დღეს მასობრივი პროტესტი არ გამოითქმის მათი მხრიდან, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მოქალაქეებმა იციან, რომ მთავრობა ამ მიმართულებით მუშაობს.
წარმოდგენილი პროექტის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება გამოხატა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლმა ზურაბ ჯაფარიძემ, რომლის აზრით პროექტის ყველა პუნქტი პრობლემის მომტანია და დასაქმებულთა მდგომარეობას გააუარესებს. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა აზრით კი, შრომითი კანონმდებლობის დახვეწა ნამდვილად საშური საქმეა და მათ იმედი გამოთქვეს, რომ წარმოდგენილი პროექტი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დასაქმებულთა კანონიერ უფლებებს, ასევე დაბალანსდება დამსაქმებლისა და დასაქმებულის ინტერესები. უმრავლესობა იზიარებს კანონპროექტის ზოგად პრინციპებს, თუმცა აქვე აღნიშნეს, რომ ცალკეული მუხლების მიმართ შენიშვნები აქვთ, რომლებსაც კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას წარმოადგენენ.
ორივე კომიტეტის წევრების უმრავლესობამ მხარი დაუჭირეს კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას.

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 04 აპრილი 2013 16:09
 
modules