|
"საპარტნიორო ფონდის“ პრეზენტაცია |
|
ხუთშაბათი, 04 აპრილი 2013 16:54 |
|

სააქციო საზოგადოება „საპარტნიორო ფონდის“ პრეზენტაცია გაიმართა დღეს პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე. საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ ისაუბრა ფონდის შექმნის ისტორიასა და სტრუქტურაზე, ფონდის მიერ გაწეულ საქმიანობაზე, განხორციელებულ თუ განსახორციელებელ პროექტებზე. მან ასევე წარმოადგინა თავისი ხედვა ფონდის განვითარების მიმართულებებზე. საპარტნიორო ფონდი 2011 წელს დაფუძნდა, ხოლო ირაკლი კოვზანაძე მას სათავეში გასული წლის ნოემბერში ჩაუდგა. დღეისათვის ფონდის საქმიანობას საბჭო განკარგავს. საპარტნიორო ფონდი სააქციო საზოგადოებაა, რომლის 100% სახელმწიფოს ეკუთვნის და მისი კაპიტალის ღირებულება 2,3 მლრდ ლარს შეადგენს. სარეიტინგო სააგენტო FITCH-ის მიერ საინვესტიციო ფონდს მიენიჭა BB-, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგი, რაც შეიძლება მიიღონ ქართულმა კომპანიებმა. საინვესტიციო ფონდი საქართველოს ეკონომიკის ოთხი მიმართულებით მუშაობს, ესაა ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, უძრავი ქონება/ინფრასტრუქტურა და წარმოება. ირაკლი კოვზანაძემ დეპუტატებს ის მნიშვნელოვანი პროექტებიც გააცნო, რომლებზეც დღეს საპარტნიორო ფონდი მუშაობს. მათ შორისაა პირველი კომბინირებული ციკლის ელექტროსადგური გარდაბანში, ჰიდროელექტროსადგური ნენსკა სვანეთში, მრავალფუნქციური კომპლექსი - რიქსოსის სასტუმრო ლიკანში, ასევე რამდენიმე პროექტი სოფლის მეურნეობის სფეროში. ირაკლი კოვზანაძის ინფორმაციით, საინვესტიციო ფონდის ბაზაზე იგეგმება ახალი, სუვერენული ფონდის შექმნა, რის შემდეგაც უფრო მოქნილი გახდება ფონდის საქმიანობა და გაადვილდება ინვესტიციების მოზიდვა. აღნიშნული სიახლის დასანერგად აუცილებელ საკანონმდებლო ბაზაზე უკვე მუშაობენ და ირაკლი კოვზანაძე იმედოვნებს, რომ პროექტს პარლამენტს საშემოდგომო სესიისთვის წარუდგენენ. პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან საპარტნიორო ფონდის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. |
|
ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 04 აპრილი 2013 17:01 |