საქართველოს პარლამენტში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ლევენთ მურათ ბურჰანთან შეხვედრა გაიმართა
ხუთშაბათი, 04 აპრილი 2013 17:02

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ორგანიზებით საქართველოს პარლამენტში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ლევენთ მურათ ბურჰანთან შეხვედრა გაიმართა. თურქ დიპლომატთან შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების წევრები დაესწრნენ.
შეხვედრაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა გაიმართა, ორი ქვეყნის არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.turqetis elchi 4
„თურქეთის ელჩან შეხვედრისას მსჯელობა შეეხო ყველა ის საკითხს, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობებს შეეხება. მან დაწვრილებით მიმოიხილა ჩვენ ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი და სასარგებლო პოტენციალი. საუბარია, დამატებით ეკონომიკურ პროექტებსა და დამატებით გამშვებ პუნქტებზე, რომელიც ტვირთისა და მოქალაქეების გადაადგილებას გააიოლებს. ვმსჯელობთ, თურქეთის დახმარებაზე ნატოში საქართველოს ინტერგაციის პროცესში და ველით მათგან მხარდაჭერას. ასევე ვსაუბრობთ იმაზე, რომ თურქეთი სერიოზულად არის დაინტერესებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და კონფლიქტების მოგვარების თაობაზე. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმას, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობაში ყველა საკითხი უშუალოდ დიალოგის გზით გადაწყდება, ისე რომ, ეს ორივე მხარისთვის სასარგებლო იყოს", - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით უსუფაშვილმა.
თურქეთის ელჩან შეხვედრა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თედო ჯაფარიძემაც შეაფასა. მისი განცხადებით, საქართველოსა და თურქეთს შორის შექმნილია ორმხრივი კომისია, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებულ საკითხებზე, მათ შორის მწვავე საკითხებზე მუშაობს. „უახლოეს პერიოდში ამ კომისიის მუშაობის შედეგები საგარეო საქმეთა სამინისტროებს წარედგინება, რომელსაც სათანადო ნაბიჯები და შედეგები მოყვება“, - აღნიშნა თედო ჯაფარიძემ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ დამკვიდრებული უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრის ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება. უახლოეს პერიოდში კომიტეტში საქართველოს ახლო მეზობელი სახელმწიფოების ელჩების მოპატიჟება იგეგმება.

ბოლოს განახლდა ხუთშაბათი, 04 აპრილი 2013 17:23
 
modules