|
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა კრენფილდის უნივერსიტეტის საერთაშორისო მენეჯმენტის განვითარების სკოლის პროფესორს, ენდრიუ კაკაბაძეს უმანსპინძლა |
|
Thursday, 04 April 2013 17:08 |
|
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა კრენფილდის უნივერსიტეტის საერთაშორისო მენეჯმენტის განვითარების სკოლის პროფესორს, ენდრიუ კაკაბაძეს უმანსპინძლა. დიდი ბრიტანეთის და ევროპის ქვეყნების
უნივერსიტეტების მოწვეულმა პროფესორმა კომიტეტის ეგიდით მოწყობილ შეხვედრაზე „როგორი მმართველობა გვაქვს დღეს? ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები“ ლექცია წაიკითხა და დამსწრე საზოგადოებას ბიზნესის და პოლიტიკის ურთიერთდამოკიდებულების შესახებ საკუთარი ხედვები გააცნო ბიზნესის განვითარების და მასზე პოლიტიკური კომპონენტების ზემოქმედების მიმოხილვისას, ენდრიუ კაკაბაძემ მსოფლიო პრაქტიკის არაერთი მოდელი განიხილა და მათი განვითარების სამომავლო პერსპექტივებზეც ისაუბრა.
თავის მოხსენებაში მან ასევე ყურადღება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში ეკონომიკური და სოციალური მაჩვენებლების პარადოქსულ ვითარებაზე გაამახვილა და აღნიშნულთან დაკავშირებით საკუთარი ანალიზი წარმოადგინა. გამოსვლის დასრულების შემდეგ საერთაშორისო მენეჯმენტის პროფესორმა დამსწრე საზოგადოების კითხვებს უპასუხა და მათთვის საინტერესო თემებზე ვრცელი და ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
ენდრიუ კაკაბაძის ბაბუა 1918-1921 წლებში დამოუკიდებელი საქართველოს უმაღლესი საბჭოს და მთავრობის წევრი იყო. ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ იგი წლების განმავლობაში ბერლინში ცხოვრობდა და იქ განაგრძობდა პოლიტიკურ მოღვაწეობას. ენდრიუ კაკაბაძე 32 წიგნის, 18 მონოგრაფიისა და 200-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორია. „ჰარვარდის ბიზნეს რევიუმ“ იგი 50 ყველაზე გავლენიან ბიზნესმენთა და „მოაზროვნეთა“ შორის დაასახელა. კრენფილდის უნივერსიტეტის საერთაშორისო მენეჯმენტის განვითარების სკოლის პროფესორი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი გავლენის მქონე კვლევითი ინსტიტუტის EABIS-ის სამეთვალყურეო საბჭოს ვიცე-პრეზიდენტია. პარლამენტში სტუმრობამდე ენდრიუ კაკაბაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა.
|
|
Last Updated on Thursday, 04 April 2013 17:19 |