საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გაერთიანებული სხდომა
ხუთშაბათი, 04 აპრილი 2013 17:29

სამმა საპარლამენტო კომიტეტმა გაერთიანებულ სხდომაზე პარლამენტის წევრის, ელისო ჩაფიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ იმსჯელა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ფორმირების წესის და სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობის შემცირებას ითვალისწინებს. კანონპროექტით განსაზღვრულია ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელერადიო დეპარტამენტის რეფორმაც. სხდომაზე აღინიშნა, რომ აჭარის ტელევიზიის სტატუსის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტში კიდევ ერთი კანონპროექტია შემოსული, რომლის ინიციატორიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოა. კანონპროექტების ინიციატორები გამართული განხილვის შემდეგ შეთანხმდნენ, რომ პროექტებს შეაჯერებენ და ორი დღის შემდეგ პარლამენტში მოახდენენ ახალი კანონპროექტის ინიცირებას. პარლამენტის წევრმა, ელისო ჩაფიძემ აღნიშნა, რომ ახალი პროექტის ინიცირების შემდეგ კანონპროექტის ავტორები მომდევნო სასესიო კვირაში მისი დაჩქარებული წესით განხილვას მოითხოვენ. 
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კანონპროექტის „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ განხილვა მწვავე კამათის ფონზე მიმდინარეობდა. საპარლამენტო უმცირესობა არ ეთანხმებოდა კანონპროექტით განსაზღვრული საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესს და საბჭოში წერთა რაოდენობის შემცირებას. მათთვის განსაკუთრებით მიუღებელი იყო მოქმედი სამეურვეო საბჭოს მთლიანი შემადგენლობის დათხოვნის საკითხი. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები კი აცხადებდნენ, რომ სამეურვეო საბჭო წლების განმავლობაში ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და მისი დაკომპლექტება ახალი წესით უნდა მოხდეს, რომელიც სამეურვეო საბჭოს წევრთა დამოუკიდებლობასაც უზრუნველყოფს. კანონპროექტის განხილვაში აქტიურად მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციათი კოალიციის წარმომადგენლები.

ბოლოს განახლდა პარასკევი, 05 აპრილი 2013 10:20
 
modules