|

დამსაქმებლისა და დასაქმებულის ინტერესების დარეგულირებისა და დაბალანსების შედეგად ორივე მხარისთვის შესაბამისი შრომითი პირობების შექმნის მიზნით, „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილებები შედის, რომელიც დღეს პირველი მოსმენით ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა განიხილა.
კანონპროექტის წარდგენისას, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ბარამიძემ იმ წინაპირობებზე ისაუბრა, რომელიც კანონპროექტის შემუშავებას უძღოდა. მისი თქმით, კანონპროექტის შემუშავებისას, გონივრული ბალანსის დასაცავად , ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა. „ხუთი თვის განმავლობაში ვხვდებოდით ბიზნესწრეების, პროფკავშირების, დამსაქმებელთა ასოციაციის, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს იმისათვის, რომ „საქართველოს შრომის კოდექსის“ ორგანული კანონის დაბალანსებული პროექტი შეგვემუშავებინა“, - განაცხადა ბარამიძემ. მისივე თქმით, კანონპროექტის შემუშავება საქართველოში შრომითი ურთიერთობების დაბალანსებული დარეგულირებისა და დასაქმებულის სამართლებრივი გარანტიების გაზრდის მოტივთან ერთად, საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობამ განაპირობა. როგორც ბარამიძემ აღნიშნა, შრომის მოქმედი კანონმდებლობა არაერთხელ გამხდარა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტიკის საფუძველი.  კანონპროექტის პრინციპებს შორის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებულად გამოყო დისკრიმინაციის აკრძალვა წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში და ზეგანაკვეთურ შრომასთან დაკავშირებული საკითხი. ერთ-ერთი დამატებული ნორმის თანახმად, გამოსაცდელი ვადით მუშაობა აუცილებლად ანაზღაურებადი იქნება,. მისი ოდენობა და წესი მხარეთა შორის შეთანხმებით განისაზღვრება. კომიტეტის ტავმჯდომარის მოადგილის, კობა დავითაშვილის განმარტებით, ზეგანაკვეთური სამუსაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით, ხოლო ანაზღაურების ოდენობა მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრება. წარმოდგენილი პროექტის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება გამოხატა პარლამენტის წევრმა კახა ოქრიაშვილმა, რომლის აზრით პროექტი მხოლოდ დასაქმებულთა ინტერესებს ითვალისწინებს, დამსაქმებლები კი შესაძლოა მნიშვნელოვნად დააზარალოს. ოქრიაშვილის პასუხად კობა დავითაშვილმა განაცხადა, რომ განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, მოქმედი ხელისუფლება ბიზნესის განვითარებას მაქსიმალურად ხელს შეუწყობს, მაგრამ არა დასაქმებულების ჩაგვრის და უფლებების შელახვის გზით. უმრავლესობა იზიარებს კანონპროექტის ზოგად პრინციპებს, თუმცა ცალკეულ დეპუტატებს რამდენიმე მუხლის მიმართ შენიშვნები აქვთ, რომლებსაც კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას წარმოადგენენ. |