განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა
ხუთშაბათი, 04 აპრილი 2013 18:00

ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხულ პირებს უფლება ექნებათ გაიარონ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რაც ხელს შეუწყობს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ინტეგრაციას ქართულ საზოგადოებაში აღნიშნული ცვლილება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შედის, რაზეც დღეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. 

კანონპროექტით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა დასაშვებია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის, დავით ლომინაშვილის განმარტებით, აღნიშნული ცვლილება შეეხება აგრეთვე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში. ასევე პირებს, რომლებიც სწავლობენ და მიღებული აქვთ კრედიტები უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. ლომინაშვილის თქმით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე დასაშვები იქნება მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი. კანონპროექტის მიხედვით, მთავრობა უფლებამოსილი იქნება განსაზღვროს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა უმაღლესი განათლების დაფინანსების ოდენობა და პირობები საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე ან ნაცვალგების პრინციპით ან სპეციალური სახელმწიფო პროგრამით. ლომინაშვილის განცხადებით, კანონპროექტი მიზნად ისახავს ასევე დაკონკრეტდეს ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების გარეშე ჩასარიცხ პირთა კატეგორიები და მათთვის წაყენებული მოთხოვნები.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.

ბოლოს განახლდა პარასკევი, 05 აპრილი 2013 10:17
 
modules