განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა
Friday, 05 April 2013 15:27

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი: „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტით განისაზღვრება ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მქონე პირთა წრე, ასევე ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხულ პირთა უფლება გაიარონ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა. წარმოდგენილი ცვლილებებით აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტების დაფინანსების წლიური მოცულობა არა უმეტეს 10%-დან იზრდება არა უმეტეს 20%-მდე. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას. 
განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ელისო ჩაფიძემ განაცხადა, რომ კომიტეტი არსებითი გადამუშვების მიზნით გაიწვევს კანონპროექტს "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ და ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოც გაიწვევს მის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“. მისივე თქმით, კანონპროექტები შეჯერდება და რამდენინე დღეში პარლამენტში ახალი კანონპროექტის ინიცირება მოხდება. ,,ახალი კანონპროექტით ერთხელ და სამუდამოდ გადაწყდება აჭარის ტელევიზიის საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნის საკითხი და ამ თვალსაზრისით ჩვენ წელგამართულები ვიქნებით საერთაშორისო საზოგადოების წინაშე. ასევე დავარეგულირებთ ბევრ მტკივნეულ საკითხს ქართული მედია სივრცისთვის“, - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.

Last Updated on Friday, 05 April 2013 15:29
 
modules